top of page

ჩვენ ირგვლივ ფაქტობრივად ყველა კბილებამდე იარაღდება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 11
  • 3 min read

Updated: Jun 28

საქართველოს, რომლის თავდაცვის ბიუჯეტი მოკრძალებულად 0.6 მილიარდი დოლარია და თითქმის სამჯერ ჩამორჩება რეგიონში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ სომხეთს, არ აქვს ფუფუნება უარი თქვას თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ჩვენს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა კბილებამდე იარაღდება.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპელების სამხედრო უსაფრთხოებას ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა. ამ უსაფრთხოების სანდოობა ეჭვქვეშ დადგა თავად პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის თებერვალ-მარტში გაკეთებული განცხადებების ფონზე, რამაც მკვეთრად შეცვალა ევროპელი მმართველების დამოკიდებულება საკუთარი თავდაცვის მიმართ.


რუსული საფრთხის წინაშე მარტო დარჩენილი ევროპისთვის დღევანდელი თავდაცვის შესაძლებლობები არასაკმარისია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად მათ თავიანთი მშპ-ს სულ მცირე 3.5% უნდა დახარჯონ შეიარაღებულ ძალებზე. ცნობისთვის, 2024 წელს ევროკავშირის წევრების თავდაცვის ბიუჯეტის საერთო ოდენობამ €326 მილიარდს - მშპ-ს 1.9%-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2022 წლის 1.5%-სა და 2023 წლის 1.6%-თან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროცენტული ზრდა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირა ქვეყნების შემთხვევაში უფრო მაღალია, რაც ამ ქვეყნების რუსეთთან დაპირისპირების გამოცდილებითა და რუსეთის საზღვრებთან სიახლოვითაა განპირობებული.


ხსენებული სამხედრო და უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ევროკავშირმა შეიმუშავა საერთო ხედვა, ეგრეთწოდებული „თეთრი ფურცელი“ რომელიც განსაზღვრავს 2030 წლისთვის ევროპული თავდაცვის მზაობას. მისი მთავარი მიზნებია მიაღწიოს სამხედრო მრეწველობის მიერ საჭირო რაოდენობის სამხედრო პროდუქციის საჭირო სიჩქარით წარმოებას და უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში სწრაფი განთავსება. 


ამ მიზნების მისაღწევად ევროპა აპირებს მეტწილად საკუთარი წარმოების გაძლიერებას ნაცვლად იმისა, რომ იარაღის ნაწილი კვლავ უცხოეთიდან შეიძინოს. ადგილობრივ წარმოებაზე დახარჯული თანხები მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკურ სარგებელს, ისევე როგორც სამუშაო ადგილებს ევროკავშირში. ამასთან, ჯერ კიდევ ფურცელზე არსებული გეგმების მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე, გერმანული სამხედრო საწარმო Rheinmetall-ის აქციები 1000%-ით გაძვირდა. სავარაუდოა, რომ Rheinmetall-ის და სხვა ევროპული საწარმოების აქციების ფასები მნიშვნელოვან ზრდას კვლავ გააგრძელებენ ევროკავშირისა და მისი წევრების მიერ დაანონსებული უპრეცედენტო სამხედრო ინვესტიციების კვალდაკვალ.


გარდა საერთო ხედვისა, ევროკავშირმა შეიმუშავა  გეგმა 2030 წლისთვის ევროპის გადაიარაღებისთვის,  რომლის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვისთვის ჯამურად €800 მილიარდზე მეტის გამოყოფა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ ფინანსებზე წვდომის საშუალება ექნებათ არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს, არამედ კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებსაც. გეგმა უკვე ითვალისწინებს უკრაინისთვის შესაბამისი სამხედრო დახმარების გაწევას. 


ევროკავშირის გარდა, წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს საკუთარ საბიუჯეტო გეგმებშიც ითვალისწინებენ. კერძოდ, გერმანიის მთავრობა, გეგმავს მომდევნო წლებში თავდაცვასა და ინფრასტრუქტურაზე €1 ტრილიონი დახარჯოს. აქედან 2025 წლისთვის ისინი მხოლოდ უკრაინის დასახმარებლად €3 მილიარდს გამოყოფენ.


თავის მხრივ, საფრანგეთი გეგმავს უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი 155 მილიმეტრიანი ჭურვების წარმოება წლის ბოლომდე 2-ჯერ გაზარდოს და ყოველთვიურად 16 000-მდე ჭურვი დაამზადოს ფრონტზე გასაგზავნად. გარდა ამისა, საფრანგეთი მნიშვნელოვნად ზრდის ინვესტიციებს საჰაერო და ბირთვულ შეიარაღებაზე და იმავდროულად ცდილობს შესთავაზოს დანარჩენ ევროპას საკუთარი ბირთვული ქოლგა, რაშიც მას შესაძლოა ასევე ბირთვული იარაღის მქონე დიდმა ბრიტანეთმაც მიჰბაძოს.

საქართველოს თეორიულად შეეძლო მიეღო ევროპული ფინანსები საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად, როგორც შეიარაღების შეძენით, ისე სამხედროების რაოდენობის გაზრდითა და მათთვის პირობების გაუმჯობესებით. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ამ შესაძლებლობის გამოყენება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ევროკავშირის ქმედებებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მილიტარიზაცია ძირითადად რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაც მათი ღრმა შეშფოთების საგანი შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დათმობის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა. პირიქით, მოსალოდნელია ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მეტად ზრდა. ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირი სულ უფრო ახლოსაა კრემლის მოკავშირე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ვეტოს სამართლებრივად დაძლევასთან.


ევროპის მილიტარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომელსაც რუსულ აგრესიასთან დამოუკიდებლად გამკლავება უკიდურესად გაუჭირდება.


ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სამხედრო ინვესტიციები კარგი შესაძლებლობაა კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვისაც. საქართველოს თეორიულად შეეძლო მიეღო ევროპული ფინანსები საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად, როგორც შეიარაღების შეძენით, ისე სამხედროების რაოდენობის გაზრდითა და მათთვის პირობების გაუმჯობესებით. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ამ შესაძლებლობის გამოყენება ამ ეტაპზე შეუძლებელია.


საქართველოს, რომლის თავდაცვის ბიუჯეტი მოკრძალებულად 0.6 მილიარდი დოლარია და თითქმის სამჯერ ჩამორჩება რეგიონში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ სომხეთს, არ აქვს ფუფუნება უარი თქვას თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ჩვენს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა კბილებამდე იარაღდება. თუმცაღა, ევროკავშირის პოლიტიკა გრძელვადიანია და საქართველოს ამა თუ იმ მთავრობის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად ქვეყანას კვლავ ექნება შანსი ევროკავშირთან დაახლოებით გაზარდოს საკუთარი მოქალაქეების დაცულობა და შეძლოს ანგარიშგასაწევი არმიის ჩამოყალიბება.


სანამ საქართველო ევროკავშირს შორდება, მოლდოვამ 2025 წლისთვის ევროკავშირისგან €60 მილიონს მიიღებს მხოლოდ თავდაცვისთვის, რასაც არ მოიცავს მისთვის გათვალისწინებული €1.9 მილიარდიანი დახმარება. 


Comments


bottom of page