top of page

ექვსთვიანი უწყვეტი პროტესტი საქართველოში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 15
  • 2 min read

Updated: Jun 28

“უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვაა” -  ნინო გოგუა


“გვირაბში ვართ და უნდა მოვასწროთ, გავძვრეთ ამ გვირაბიდან, თორემ განვითარებისა და სინათლის კარი შეიძლება დიდი ხნით დაიხუროს” - ლელა კურტანიძე

ექვს თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო დემონსტრაციები მშვიდობიანია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა. გაზეთი “საზოგადოება” შეეცადა, თბილისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეების განწყობები, შიშები და მოთხოვნები მკითხველისთვის გაეზიარებინა. 


ნინო გოგუა: “უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვაა. ე.წ. მთავრობა, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ქვეყანას უცვლის დასავლურ კურსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია მითითებული. 


ე.წ. ხელისუფლება უკვე აშკარად და დაუფარავად პრორუსულია.  აღარაფერს ვიტყვი ეკონომიკაზე, უსამართლო სასამართლოზე, განათლების ხარისხზე, ცენზურაზე ხელოვნებაში და იმ განუკითხაობაზე, რაც დღეს ხდება. 


უწყვეტი პროტესტი ერთადერთი შესაძლებლობაა, ქვეყანა გადავარჩინოთ. თუ გავჩერდებით, ვიცი, რომ ყველაფერს ვკარგავთ. ალბათ ეს გვაძლევს ძალას და მოტივაციას - არ გავჩერდეთ. 


ჰიბრიდულ ომში ვართ, რაც უდიდეს და უმახინჯეს რუსულ პროპაგანდაში გამოიხატება. ამიტომ ვცდილობ ადამიანებამდე მივიტანო სიმართლე. რთულია, მაგრამ ვერც ამ მიმართულებით ვჩერდები. 


ჩემი მოთხოვნები ერთ ძირითად მოთხოვნამდე დავიდა - უნდა წავიდეს არალეგიტიმური მთავრობა. მარტო ამის მერე შეიძლება არჩევნების ხელმეორედ ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება “.


ლელა კურტანიძე: “ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტმა უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა. პროტესტში ჩართულ ადამიანებს ეს დიდ ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალისხმევად გვიჯდება. არის პერიოდები, როცა აქტიურად ვდგავარ რუსთაველზე, ახლა კი უფრო ძალების აღდგენის ეტაპზე ვარ და სხვა ფორმებით ვიბრძვი - საუბრები ადამიანებთან, სწორი ინფორმაციის გავრცელება და ა.შ. 


მსოფლიო იცვლება. ჩვენ კი გვირაბში ვართ და უნდა მოვასწროთ, გავძვრეთ ამ გვირაბიდან, თორემ განვითარებისა და სინათლის კარი შეიძლება დიდი ხნით დაიხუროს. 


რეჟიმი აგრძელებს ტერორს და ცდილობს გატეხოს სინდისის პატიმრები. ამის ცხადი მაგალითია მზია ამაღლობლის საქმე. ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში სამართლიანობის აღდგენას არ უნდა ველოდეთ.


ჩემი ცალსახა მოთხოვნაა, დატოვოს “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება სრულად. ახალი ხელისუფლების და სამართლიანი სასამართლოს პირობებში  ყველა პოლიტპატიმარი  გათავისუფლდება. პროტესტის პროცესი და ზოგადად, ამინდი საქართველოში, მაჩვენებს, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა.”

“უწყვეტ პროტესტში ჩართულობა ჩემთვის არის სოლიდარობის, ღირებულებების დაცვის და უსამართლობის დაძლევის გზა” - საბა გოდერძიშვილი


“მსურს ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და ძალაუფლების გადაბარება ჩვეულებრივი მოვლენა გახდეს” - თეონა ბითაძე

საბა გოდერძიშვილი: “ვაპროტესტებ “ოცნების” მიერ დასავლური კურსის შეცვლას და პრორუსულ პოლიტიკას; თავისუფლების შეზღუდვას (სიტყვის, შეკრების, გამოხატვის, იდენტობის); ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას. 


ვაპროტესტებ კორუფციას, ნეპოტიზმს და უსამართლობას; განათლებაზე ხელმისაწვდომობის სიმწირეს და სამართლიანი შრომითი გარემოს არარსებობას. 


ჩემი ძირითადი მოთხოვნები ასეთია: მსურს დემოკრატია, ევროპული მომავალი, სამართლიანი სასამართლო სისტემა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვის, რაც “ქოცების” პირობებში მიუღწეველი მგონია. სწორედ ამიტომ ვითხოვ დამოუკიდებელ არჩევნებს. 


უწყვეტ პროტესტში ჩართულობა ჩემთვის არის სოლიდარობის, ღირებულებების დაცვის და უსამართლობის დაძლევის გზა.”


თეონა ბითაძე: “პროტესტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ახლა გაირკვევა, გახდება თუ არა საქართველო ევროპული სივრცის ნაწილი, დააღწევს თუ არა თავს რუსეთის გავლენას. შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ პოზიციის დაფიქსირება პირდაპირ აისახება მომავალზე.


მინდა ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ქართველებმა ჩვენი მანკიერებები და ამ მანკიერი მხარეების გამართლების მცდელობები. მსურს ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და ძალაუფლების გადაბარება ჩვეულებრივი მოვლენა გახდეს. 


აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები”.


“საზოგადოება” შეგახსენებთ რომ საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე უარი თქვას. 


28 ნოემბრიდან დღემდე, 400 - ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული. მათ შორის 60-მდე ადამიანი - სისხლის სამართლის წესით. 


Comments


bottom of page