top of page

“უმოწყალოდ გვირტყეს, ქიმიური იარაღით მოგვწამლეს” - ინტერვიუ სანდრო მირცხულავასთან

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jan 13
  • 4 min read

Updated: Jan 14

სანდრო, მოგვიყევი იმ მთავარი მიზეზის შესახებ, რის გამოც აქტიურად ხარ ჩართული უწყვეტ პროტესტში.


როგორც ვიცით, უწყვეტი პროტესტი წელიწადზე მეტია გრძელდება. ძირითადი მიზეზი არის ივანიშვილის დაჯგუფების მიერ ქართველი ხალხისადმი კუთვნილი დასავლური არჩევანის წართმევა. ეს ოფიციალურად გამოიხატა 2024 წლის 28 ნოემბერს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკური კურსის შეჩერებით. ამ უკანონო აქტს წინ უძღოდა ძალაუფლების სრული მიტაცება, რაც ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებებით და უსამართლო კანონებით გამოვლინდა.

თუმცა, ვიცი, რომ მთავარი მიზეზი გასული საუკუნის მიწურულის უახლეს ისტორიაშია, თითქმის 34 წლის წინ ქართველ ხალხს/ერს კიდევ ერთხელ მოგვტაცეს ძლივს აღდგენილი დემოკრატიული სახელმწიფო და ძალაუფლება, რომლის ინტერესების დაცვის გამოც აქამდე გვდევნიან და გვატერორებენ. არაერთხელ გვესროლეს ტყვია, არაერთხელ მოგვწამლეს.


„ქართულ ოცნებად“ მოვლენილი დღეს მოქმედი კოლაბორაციონისტული რეჟიმი არის იმ 1991-93 წლების რუსული სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი სიმპტომი, მისი გაგრძელება-მეტასტაზი.


90-ანებში მოშალეს დემოკრატიული რესპუბლიკა, მიიტაცეს ძალაუფლება, დახვრიტეს კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია-მომიტინგეები, დაწერეს პარტიულ ძალაუფლებაზე მორგებული კონსტიტუცია. დღესაც ხომ ეს საბჭოთა სამართალმემკვიდრეობაზე დაშენებული კონსტიტუცია მოქმედებს და ამიტომაც შეაქვთ მასში ათასი უკანონობა.


ამ კრიმინალური მოვლენების უშუალო მონაწილეები და თანადამგეგმავები დღემდე არათუ დასჯილები, არამედ პრივილეგირებულები არიან, უწყვეტად გვევლინებიან მთავრობების მაღალ თანამდებობებზე ან ხელისუფლებებთან დაახლოებულ გავლენიან პირებად.


როგორი იყო შენი ცხოვრება უწყვეტ პროტესტამდე?


სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო კურსი 2019 წლის ივნისში წარმატებით დავამთავრე და რამდენიმე დღეში „საჩუქარიც“ მივიღე.

მეც, ისევე როგორც მრავალი ქართველი, 2019 წლის 20 ივნისიდან, ყოველი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მონაწილე ვარ. ეს იყო დღე, როდესაც ივანიშვილის დაჯგუფებამ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა. იმ დღიდან მოყოლებული ვიბრძვი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზებულად, ჯგუფურად იძალადეს: უმოწყალოდ გვირტყეს, აკრძალული ტყვიები გვესროლეს, ქიმიური იარაღით მოგვწამლეს, უკანონოდ დაგვაპატიმრეს.


ამ აქციებში მონაწილეობდა შენი ბიძაშვილი, გურამ მირცხულავაც. გური 2024 წლის დეკემბერში დააკავეს და უკვე წელიწადზე მეტია, ის სინდისის პატიმარია...


თავისი ეროვნული უკომპრომისო პოზიციის გამო, კრემლის საბჭოთა ტერორის და რეპრესიების მსხვერპლი მანამდე, ჯერ კიდევ I რესპუბლიკის დროს გახდა გურის დიდი ბაბუა, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერი მეთოდე ჭანტურია. „წითელ მოსკოვს არ ვემორჩილებიო“ - განაცხადა. მეთოდე ციმბირში გადაასახლეს და იქ გარდაიცვალა.


გური მირცხულავა, მთარგმნელი
გური მირცხულავა, მთარგმნელი

გურის ბაბუა, მეორე რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების წევრი - რენო ესვანჯია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო; რენო და მისი ქალიშვილი, გურის დედა ინგა ესვანჯია, ხელებში თვეების გურიკოთი, რუსული სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო საბჭოსგან და მხედრიონისგან შევიწროებული, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. შეიძლება ითქვას, გური რეპრესირებულთა მეხუთე თაობაა. თუმცა, დანებებას არ აპირებს.


„რენომ, მეთოდემ, სხვებმა ყველაფერი გაიღეს - ახლა ჩემი ჯერია, გავიღებ იმდენს, სანამ არ დავსრულდები, ან სანამ არ გავიმარჯვებთ. არავითარი საპროცესოს გარიგება, არავითარი კომპრომისი, სინდისის წინაშე მართალი ვარ და ვერანაირმა ციხემ ვერ უნდა დაგვახევინოს უკან“ - წერს გური, დედისთვის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.


რა მოხდა ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ. სწავლის გაგრძელება თუ შეძელი?


2019-ში გამოიკვეთა ივანიშვილის დაჯგუფების პრო-რუსული კოლაბორაციონისტული მისწრაფება. მას შემდეგ სწავლა აღარ გამიგრძელებია.

2019-2022 წლის კოვიდ პანდემია გავიარეთ. საკურიერო მომსახურებაში ვმუშაობდი. 2023 წელს გადავწყვიტე, მომავალი წლისთვის სამხატვრო აკადემიაში იგივე მიმართულებით სწავლის გაგრძელება. სწორედ ამ დროს შემოიტანეს რუსული კანონი. გამოვედით და ხალხმრავალი წინააღდმდეგობის ფონზე მალე ჩავაგდებინეთ.


2024 წლის ზამთარში დავიწყე საგამოცდოდ მომზადება, თუმცა, აპრილში დააბრუნეს იგივე, ამჯერად სახელშეცვლილი რუსული კანონი. გამოვედით, შევეწინააღმდეგეთ. მაინც მიიღეს, რადგან არნახულად იძალადეს მოქალაქეებზე. თურმე ქიმიური იარაღიც კი გამოიყენეს.


ისევ თვითგანათლებით დავკავდი და პარალელურად, საწყობში მუშაობა დავიწყე, სწავლისთვის აღარ მეცალა. რომც ჩამებარებინა, მაინც არ შევიდოდი სასწავლებელში, მით უფრო ამ გადმოსახედიდან, როცა განათლების ნგრევის რეფორმა აქვთ დაწყებული.


ამ კორუმპირებულ სისტემაში ჩემს თავს ვერ ვხედავ. მას შემდეგ რეჟიმი არნახული ტემპით სულ უფრო რეპრესიული ხდება. პირადად მე უმაღლესში მხოლოდ მაშინ გავაგრძელებ სწავლას, როდესაც ქვეყანას გავათავისუფლებთ.

მოსწავლეების და სტუდენტების ჩართულობამ იკლო. თუმცა, მჯერა ახალგაზრდობის. ჩვენი ჩართულობა უდიდეს წვლილს შეიტანს გამათავისუფლებელ პროცესში, რომელიც უჩვენოდ არ გამოვა.


ხომ არ გამოყოფობდი რომელიმე პოლიტიკურ ძალას, აქტიურ ჯგუფს ან ინდივიდს, ვინც ამ პროცესში შენი ნდობა დაიმსახურა?


ინდივიდებიდან სამაგალითოა თითოეული ის ადამიანი, ვინც ზეპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, არ ურიგდება უსამართლობას და დღემდე იბრძვის. ასეთი პიროვნება დამაიმედებლად მრავალია. 


მე ვარ მოქალაქეთა უახლესი აპარტიული გაერთიანების, „ანტიკრიზისული პლატფორმის“ წევრი. პლატფორმა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაზრდაზე და გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ის მიზნად ისახავს ტექნიკური, იგივე ანტიკრიზისული მთავრობის მოქმედებას, როგორც გარდამავალ პერიოდში სისტემური კრიზისიდან სახელმწიფოს გამოყვანის საერთაშორისოდ აპრობირებულ საშუალებას.


აქტიური ჯგუფებიდან გამოვყოფდი „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფს. ასევე, საქართველოს სამართალმემკვიდრეობის უწყვეტობის აღდგენაზე დამოუკიდებლად მომუშავე საინიციატივო ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლავართ. ჩვენმა ჯგუფმა მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და საქართველოს მეორე დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობის უწყვეტობის აღდგენისა და გარდამავალი ეროვნული ორგანოს დაფუძნების დეკლარაციის პროექტი შექმნა.  


აუცილებლად უნდა აღვნიშნო, საუნივერსტეტო სტუდენტური მოძრაობების აქტივობები; აგრეთვე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ მნიშვნელოვანი წვლილი 2024 წლის მშვიდობიან პროტესტში.


საგანგებოდ აღსანიშნავია “დამკვირვებლების” აქტიურობა. ეს არის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2024 წლის 24 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მრავალჯერ გახდნენ დაშინების, ზეწოლის, ძალადობისა თუ გაყალბების მოწმეები. მათი მთავარი მიზანი, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაა. 


აქვე უნდა ვთქვა: უწყვეტ პროტესტში უდიდესი წვლილი აქვს მოძრაობას "საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს".


რაც შეეხება პარტიებს, უახლესი და ჯანსაღი რეპუტაციის მქონე პარტიებიდან ჩემი სიმპათია „თავისუფლების მოედანს“ ეკუთვნის. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მათ მიერ აქტუალიზებული და მომზადებული ლუსტრაციის კანონპროექტი.


ძალიან ვქომაგობ და მეიმედება ახალგაზრდული, სუფთა და ქმედითუნარიანი პოლიტიკური ორგანიზაცია „სართული - ახალი თაობის ძალა“.


რა არის გამოსავალი ამ კრიზისული მდგომარეობიდან?


გამოსავალი ქართველი ხალხის სუვერენულ ნებაშია. საჭიროა ხალხის მაღალი ჩართულობა სწორი გეგმისა და ჯანსაღი ხელმძღვანელობის გარშემო. მოქალაქეთა სამართლებრივი, მორალურ-ტაქტიკური და რაოდენობრივი უპირატესობა ნებისმიერი რეჟიმის და დიქტატურის დასასრულია!

სახელმწიფოებრიობის აღდგენა და განმტკიცება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე II დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სამართალმემკვიდრეობის უწყვეტობის (Continuity of Legal Succession) აღორძინებით.


“ეს ერთადერთი სამართლებრივად, მშვიდობიანად და დემოკრატიულად გამართლებული გზაა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს სახელმწიფოს ლეგიტიმური დაბრუნებისათვის საერთაშორისო თანამეგობრობაში”- წერია ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციაში. 


სანდრო მირცხულავა
სანდრო მირცხულავა


Comments


bottom of page