top of page

“საქართველოს რესპუბლიკაში მთელი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის” - ინტერვიუ კონსტანტინე ვეკუასთან

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • May 17
  • 4 min read

Updated: Jul 10

რა გამოწვევების წინაშე დგას ქართველი ხალხი და როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი? რა არის დემოკრატია? რას ნიშნავს 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი? - გაზეთი "საზოგადოება" პოლიტიკური მეცნიერებების მკვლევარსა და ლექტორს, კონსტანტინე ვეკუას ესაუბრა:



- როგორ აღწერდით საქარველოს ახლანდელ მდგომარეობას - გთხოვთ დაახასიათოთ მოვლენები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.


- ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასასრულს დაიწყო. ვგულისხმობ კრემლის ორგანიზებულ-მხარდაჭერილ და მისი აქაური თანამოაზრეების  მიერ განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას.  1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ეს იყო ძალადობრივი და დანაშაულებრივი დამხობა რომლის სათავეც კრემლიდან მოდიოდა. სამწუხაროდ, ამ მოვლენიდან დღემდე, ჩვენს ხალხს საკუთარი სახელმწიფო წართმეული აქვს. 


შესაბამისად, პუტჩი ანუ მთავრობის უეცარი გადაგდება სამხედრო ძალით, რომელიც სამი ათეული წლის წინ მოხდა, არ დასრულებულა. სხვადასხვა ფორმით ეს პუტჩი დღემდე გრძელდება. სახელმწიფო გადატრიალების შემსრულებლები დღესაც ცოცხლები არიან, საკვანძო ადგილებზე იმყოფებიან, ან მათი შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ თავიანთი გენეტიკური, თუ იდეოლოგიური წინაპრების გზას.  

ჩვენი ხალხი იმიტომ გადარჩა რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში ისტორიის სწორ მხარეს იდგა. ძალა სიმართლეშია და არა ძალადობასა თუ მოძალადის მხარდაჭერაში. თუ სამომავლოდ არსებობა გვსურს, ამჯერადაც სწორი ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

არ მინდა მკითხველი შევაშინო, თუმცა ჩემი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ვისაუბრო ამ საკითხებზე. ახლა გადამწყვეტი ეტაპია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაქრობისა და მისი უკან, რუსეთის წიაღში დაბრუნების მცდელობა აშკარაა.  მზადდება ყველაფერი, რომ როგორც კი კრემლი ჩვენთვის მოიცლის, საკუთარი მიზანი განახორციელოს. ჯერ-ჯერობით მას უკრაინაში აქვს ხელ-ფეხი შეკრული თუმცა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც მე კავკასიის გულს ვუწოდებ, ზემოქმედებას ჰიბრიდული ომის მეთოდებით ცდილობს.


- ჩვენს მკითხველს მინდა შევახსენო რომ  ჰიბრიდული ომი ეს შერეული საბრძოლო მოდელია. თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ჰიბრიდული ომი ერთდროულად მრავალ, ღია თუ ფარულ მეთოდს იყენებს. ამ თემების შესახებ გაზეთი  აუციელბალად ისაუბრებს უფრო მეტს, შემდეგ ნომრებში. თუმცა ახლა დემოკრატიაზე უნდა გკითხოთ.  ბატონო კონსტანტინე, რას ნიშნავს დემოკრატია? 


  • დემოკრატია ნიშნავს, რომ ქვეყანაში უზენაესი ხელისუფალი არის ხალხი (საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 თავის 52 მუხლი: „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“ და საქართველოს მეორე დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი კონსტიტუციის პირველი თავის მე-2 მუხლი: „საქართველოს რესპუბლიკაში მთელი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის“). და ხალხი როგორც უზენაესი ხელისუფალი, თავის მმართველობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საშუალებით არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს. ამგვარ მოცემულობას დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდება, რომელიც 33 წლის წინანდელი პუტჩის შემდეგ არ გვაქვს და რის გამოც საზოგადოება დღესაც და მერამდენედ იბრძვის საკუთარი უფლებების დასაბრუნებლად. 


 - რატომ მიისწრაფის ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როდის აირჩია ჩვენმა ქვეყანამ ეს გზა და რატომ. 


  • დასავლური ცივილიზაციის ქმნილების, დემოკრატიის გამოვლინებები ჩვენთვის უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ჩვენ ამის დამადასტურებელი ისტორიულ-კულტურული წყაროები გვაქვს. ხოლო ახალი ეპოქის საქართველოში დემოკრატიული ხაზის აღორძინება სოლომონ დოდაშვილის კონსტიტუციური მონარქიის პროექტით იწყება. ამ პროცესს ილია ჭავჭავაძე კიდევ უფრო მეტად აყენებს ქართველი ხალხის სამსახურში. სწორედ „თერგდალეულების“ საგანმანათლებლო და დემოკრატიული მოღვაწეობის შედეგი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. ხოლო მეორე დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელიც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდრეა, უმთავრესი ერთი რამ იყო: იგი ეკუთვნოდა ქართველ ხალხს და თავად საზოგადოება უნდა ყოფილიყო მასში მთავარი გმირი.

31 მარტის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის ძირითადი სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძველია. ასეთ ქვეყანაში უზენაესი მმართველობის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის.

- თქვენთან ამ ინტერვიუს 31 მარტს ვწერთ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ, რატომ არის ეს თარიღი მნიშვნელოვანი, ჩვენი ისტორიისთვის. 


  • 31 მარტი ოთხი თვალსაზრისითაა განსაკუთრებული. 


  • პირველი: 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა პირველი ქართული არასამთავრობო გაერთიანება. ეს იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“; 

  • მეორე: 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მხარი ქვეყნის თავისუფლებას დაუჭირა;

  • მესამე: ამ დღეს მოეწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. აქვე დავამატებდი ჩემთვის მნიშვნელოვან ფაქტს:  

  • 1991 წლის 31 მარტის მთავარი შემოქმედი და სიმბოლო, მერაბ კოსტავასთან ერთად, იყო ზვიად გამსახურდია და 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. 



31 მარტის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის ძირითადი სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძველია. ასეთ ქვეყანაში უზენაესი მმართველობის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ პარადიგმის გავრცელება საშიში და მიუღებელი აღმოჩნდა ბევრისთვის. მაგალითად, ბოლშევიკური თუ ნეობოლშევიკური ნომენკლატურის მმართველობის („ზემოდან ქვემოთ“) მქონე კრემლისა და საქართველოში არსებული მისი “ფილიალისთვის”. ვფიქრობ, ამ ფილიალის მთავარი მიზანია მთელი ძალაუფლება, პრივილეგიები და რესურსები ექსკლუზიურად ეკუთვნოდეს მას და არა საზოგადოებას. მჯერა, სწორედ ამიტომ დაამხო რუსეთის იმპერიამ და მისმა აქაურმა “პრივილიგენციამ” ხალხის უდიდესი უმრავლესობის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და მისი ეროვნული მთავრობა 1991-93 წლებში.



- თქვენი აზრით, რა ძირითადი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი საქართველოს, როგორც ქვეყანას (სახელმწიფოს) დღეს? 



  • ჩვენ უნდა შევძლოთ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისან  გათავისუფლება. 


მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოში პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების სისტემის, კულტურის, სპორტის, მედიის და სხვა სტრატეგიული სფეროების გათავისუფლებაც. ისინი საზოგადოებას უნდა  დავუბრუნოთ. თითოეულ მათგანს ქართული საზოგადოება უნდა მართავდეს. 


ამის მისაღწევად საუკეთესო მექანიზმი შემდეგია: 


  • სამართალი: 33 წლის წინ იარაღის ძალით დამხობილი სამართალმემკვიდრეობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა; 

  • შიდა პოლიტიკა: ინკლუზიური პოლიტიკური ინსტიტუტების აშენება. ვგულისხმობ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, სადაც ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდია; 

  • ეკონომიკა: სახელმწიფოსა და ბანკებისაგან დამოუკიდებელი საფონდო და სასაქონლო ბირჟების დაარსება-ამოქმედება;

  • საგარეო პოლიტიკა: ჩვენი ქვეყნის უდიდესი გეოპოლიტიკური პოტენციალის გამოყენება. ვსაუბრობ იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ევრაზიის სუპერკონტინენტზე და ახალი აბრეშუმის გზაზე მეკარიბჭეობის ფუნქციას ატარებს.

ეროვნული ცნობიერების ტრანსფორმაცია სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. 

მჯერა, ეროვნული ცნობიერების ტრანსფორმაცია უკვე მიმდინარეობს რაც დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. მე კარიბჭეობა ვახსენე და დავაზუსტებ: ახალი აბრეშუმის გზაზე სათანადო ფუნქციის დაბრუნების შემდეგ უფრო მალე შეგვიძლია დიდი ნახტომის განხორციელება. ამას ქვეყანაში ქართველი ხალხის მმართველობის უზენაესობა სჭირდება ყველა სტრატეგიული მიმართულებით. ევროპის კონტინენტზე კი - ეროვნულ საფუძველზე განვითარებული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო.


- რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას და გაზეთის მკითხველებს? 


  • გამოღვიძებას ვუსურვებდი ქვეყანას. ქართველი ხალხი გონიერია, მებრძოლი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კეთილსინდისიერები, წრფელები. შეგვიძლია მეტი პასუხისმგებლობის აღება ერთმანეთსა და ქვეყანაზე. ჩვენ გვაქვს ურთიერთგატანის ძალა. გვაქვს შესაძლებლობა, გავაჯანსაღოთ ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერება. მეტ ზნეობასა და სულიერებას ვისურვებდი. რაც მთავარია, ჯერ საკუთარი თავების, შემდეგ კი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, დაბრუნებას ვუსურვებ საქარველოს. 


- დიდი მადლობა ასეთი განსაკუთრებული ინტერვიუსთვის. რამეს ხომ არ დაამატებით? 


  • ჩვენი ხალხი იმიტომ გადარჩა, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში ისტორიის სწორ მხარეს იდგა. ძალა კი სიმართლეშია და არა ძალადობასა თუ მოძალადის მხარდაჭერაში. სწორი არჩევანი ჩვენი მომავლის გარანტიაა. 


Comments


bottom of page