top of page

ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, კვლავ საფრთხის წინაშეა!

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 9
  • 2 min read

Updated: Jun 28

ამ ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულების პირველადი სტრუქტურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად, არამედ დროებით დანიშნულ თანამშრომლებად და  მათ აღარ მოეთხოვებათ სახელმწიფო ენის ცოდნა! ამგვარად, შესაძლებელი ხდება, ქართული ენის არმცოდნე პირებმა დაიკავონ მნიშვნელოვანი თანამდებობები.

1978 წლის 14 აპრილს სტუდენტების თაოსნობითა და წინამძღოლობით ქართველმა ხალხმა საკუთარი ენის დასაცავად უპრეცედენტო პროტესტი მოაწყო, რამაც უზრუნველყო ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება. ამ გამარჯვებამ ერში შემოიტანა ძლიერი მუხტი, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთებას. ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს დაგვირგვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის აქტით.

1990 წელს ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად, 14 აპრილი გამოცხადდა ქართული ენის - დედაენის - დღედ.


14 აპრილმა შეკრა დროთა კავშირი და  ქართულმა ენამ, როგორც ჩვენმა მარადიულმა დუღაბმა, ამჯერადაც  გააერთიანა ერი,  მისი წარსული აწმყო და მომავალი!


და, როცა 2016 წელს UNESCO-მ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, ამან საყოველთაოდ ცხადი გახადა და  განამტკიცა საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის  ქვეყნის სახე საერთაშორისო ასპარეზზე, შექმნა ენის დაცვის დამატებითი მექანიზმები. 


დღეს „ხელი მსახვრალი“  დროთა კავშირის დარღვევას ლამობს...

რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში, ჩვენს სახელმწიფო ენას კვლავ დაემუქრა საფრთხე - "ქართული ოცნების" პარლამენტმა 2024 წლის 13 დეკემბერს მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რეპრესიულ ცვლილებებს. 


რატომ არის 2024 წლის დეკემბერს მიღებული ცვლილებები საფრთხე ქართული ენისათვის?

მიღებული ვერაგული ცვლილება სახელმწიფო ენისათვის წარმოადგენს დიდ საფრთხეს, რომელიც შენიღბულად ჩამოყალიბდება ქვეყნის რუსიფიკაციის მყარ ნიადაგად და, შესაძლოა,  აღსრულდეს ის, რასაც 1978 წელს ვერ მიაღწია სსრკ ხელისუფლებამ.

ამ ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულების პირველადი სტრუქტურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად, არამედ დროებით დანიშნულ თანამშრომლებად და  მათ აღარ მოეთხოვებათ სახელმწიფო ენის ცოდნა! ამგვარად, შესაძლებელი ხდება, ქართული ენის არმცოდნე პირებმა დაიკავონ მნიშვნელოვანი თანამდებობები.


მიღებული ვერაგული ცვლილება სახელმწიფო ენისათვის წარმოადგენს დიდ საფრთხეს, რომელიც შენიღბულად ჩამოყალიბდება ქვეყნის რუსიფიკაციის მყარ ნიადაგად და, შესაძლოა,  აღსრულდეს ის, რასაც 1978 წელს ვერ მიაღწია სსრკ ხელისუფლებამ.


ცვლილება გზას გაუხსნის ოფიციალური სფეროებიდან ქართული ენის თანდათანობით განდევნას. ასეთი პროცესები პერსპექტივაში ენის ფუნქციონირების უცილობელ შეზღუდვას გამოიწვევს - შემცირდება მისი გამოყენების არეალი, საბოლოოდ კი, შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ქვეყნის მართვა აღარ იქნება ქართულენოვანი.  


წარმოიდგინე, რომ:

  • შენი უფლებების დასაცავად მიდიხარ სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი ქართულად ვერ გელაპარაკება, ვერ გიხსნის, რა უნდა გააკეთო, შენი საბუთებიც შეიძლება არასწორად შეიტანოს სისტემაში. შედეგი? შენი საქმე ჭიანურდება ან იკარგება.


  • ხარ პოლიციაში; შენთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს ადამიანი, ვისაც ქართული არ ესმის. როგორ აგიხსნის მოხელე შენს უფლებებს? როგორ გაარკვევს, რა მოხდა?


  • თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ჯარში მუშაობს ადამიანი, რომელიც ქართულ ენაზე ვერ იგებს ბრძანებებს. რა მოხდება კრიტიკულ სიტუაციაში?


და ასეთი მაგალითი არაერთი აღმოჩნდება...


ვინაიდან ეს კანონი საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ენის ფუნქციონირებას, მასზე დაყრდნობით გლობალური  საფრთხე ექმნება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, განათლებას, კულტურას, სამართალსა და ქვეყნის უსაფრთხოებას!


სტატიის ავტორი: საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ინტერესთა ჯგუფი

Commentaires


bottom of page