top of page

ბავშვობაში რომ ოცნებები მქონდა ჩემი ქვეყნის ლამაზ მომავალზე, ეგენი მინდა ახდეს. ახდება კიდეც. 

  • Writer: თამარ კორკოტაშვილი
    თამარ კორკოტაშვილი
  • Aug 5
  • 1 min read

პაპა მწყემსი იყო.


დიდი ფარა ჰყავდა.


ბავშვობაში ვეხმარებოდი, დავხტოდი კლდეებზე თხებთან ერთად. პაპა იტყოდა ხოლმე, ფარას თხა უნდა ჰყავდეს, ეგ ფარას მიუძღვება, ღმერთმა ნუ ქნას, თხა გადაიჩეხოს, მთელი ფარა უკან გაყვებაო.


ვენახიც გააშენა პაპამ. სულ ზეპირად იცოდა, როგორ მოევლო ყურძნისთვის.


ხეხილიც ჰქონდა (ძალიან მშრომელი იყო), ძირს ჩამოყრილ ხილს ვაგროვებდით ხოლმე და ხილის არაყს ვხდიდით.


ჩემი ბავშვობის უტკბესი მოგონებებია ესენი.


ბაბო, ხუთი შვილის დედა - მშრომელი და ძლიერი ქალი, თავისი ლამაზი ხელებით მოზელდა ცომს და ჩააკრავდა თონეში. ამოყრიდა ყუადაბრაწულ, ცხელორთქლმოდებულ ლავაშებსა და პურებს. პაპა პურს მოიტეხდა, დაადებდა ზედ თავისი ოფლითა და მეუღლის თბილი ხელებით ამოყვანილი ყველის გემრიელ ნაჭერს, მოიდგამდა ხილის არაყს და იტყოდა: მადლობა ღმერთო ამ ლუკმისთვისო.


მოხეცებული პაპა ჩუმად გარდაიცვალა. უპრეტენზიოდ. დაიძინა ერთ დღესაც და დილით ვეღარ გააღვიძა ვერც მონაგარის ხმამ, ვერც ვენახის ძახილმა, ვერც მშრომელი მეუღლის ხელების სითბომ.


სანამ პაპა ცოცხალი მყავდა, იმდენი მლოცა და მასწავლა, ათი ცხოვრება მეყოფა... ჰოდა რადგან ერთი ცხოვრება მაქვს, ვცდილობ ეს სიკეთე სხვებსაც გავუზიარო.


ერთი უბრალო ქალი ვარ, მწყემსის შვილიშვილი (ხუმრობით მეექვსე შვილს მეძახდა პაპა) და ბავშვობაში რომ ოცნებები მქონდა ჩემი ქვეყნის ლამაზ მომავალზე, ეგენი მინდა ახდეს.


ახდება კიდეც. 


პაპას დავპირდი, ვეცდებოდი ღირსეული მოქალაქე ვყოფილიყავი. ჰოდა იქამდე ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის, ვიდრე არ გვექნება ქვეყანა, სადაც თითოეული ადამიანი, მიუხედავად მისი წარმომავლობისა, ღირსეულ გარემოში იცხოვრებს.


აშურიანის მთები, კასპის მუნიციპალიტეტი. ფოტოს ავტორი: თამუნია სუპატაშვილი
აშურიანის მთები, კასპის მუნიციპალიტეტი. ფოტოს ავტორი: თამუნია სუპატაშვილი



Comments


bottom of page