top of page

15 დღიანი პატიმრობა აქციაზე ნიღბის ტარების გამო, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა 1 წლამდე ვადით - ორ დღეში მიღებული კანონპროექტი

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 25, 2025
  • 1 min read

„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.

19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.


19 ოქტომბერს, აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა პოლიციამ გააჩერა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 22 ოქტომბერს სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო - მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა.


კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;

  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.


ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;

  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;

  • გზის გადაკეტვისთვის.


„გზის გადაკეტვა, მიუხედავად იმისა, ფორმალურად ირღვევა თუ არა კანონი, არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რაც თავისუფლების აღკვეთით შეიძლება ისჯებოდეს. ყველა მოსამართლე, რომელიც ამ სტანდარტს არ იცავს, არღვევს კონსტიტუციას“,- წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.


დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.



ქალაქ ზუგდიდში, პოლიციამ პირბადე ჩამოართვა აქციის მონაწილეს და დალუქა, როგორც ნივთმტკიცება. ვიდეო აღებულია სოციალური ქსელიდან.

Comments


bottom of page