top of page

"სულ ბრძოლაა საჭირო. ამ გამარჯვებამდეც და - მერეც!" - მოქალაქეების ხმა რუსთაველის გამზირიდან

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • 5 days ago
  • 4 min read

საქართველოში ერთ წელზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები. ისინი მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებენ, მოითხოვენ ახალ, სამართლიან არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. იმართება მარშები. 


“საზოგადოება - მცხეთა” პროტესტში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ესაუბრა. ისინი საქარველოს დღევანდელი მდგომარეობის, უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობისა და საკუთარი მოტივაციის შესახებ გვიყვებიან. 


ბაჩო კუცია: ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ: სიღარიბე, დაბალი ხელფასები, ჯანდაცვაზე და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, საბანკო ვალები... ადამიანი ვეღარ ფიქრობს პოლიტიკურ პრობლემებზე, პროტესტში ჩართვაზე, როცა ყოველდღიური საკვების მოპოვებაც კი სიძნელეებთანაა დაკავშირებული. 

33 წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება არ იყო სოციალურად ორიენტირებული. პირიქით, ეს იყო მაფიოზურ-ბანდიტურ-პოლიციური, ნეოლიბერალური კოშმარი, რომელმაც თავის პიკს მიაღწია და დღეს გვაქვს რუსული ტიპის და რუსეთის ორბიტაზე მიბმული ავტორიტარული ოლიგარქია.

ბაჩო კუცია,                         ფოტოს ავტორი: გიორგი თარხნიშვილი
ბაჩო კუცია, ფოტოს ავტორი: გიორგი თარხნიშვილი

გამოსავალი კი ჩემი აზრით ასეთია: საჭიროა მუშაობა ხალხთან; სწორი ინფორმაციის გავრცელება (განსაკუთრებით, რეგიონებში) ; ინტელექტუალების მეტი ჩართულობა.. ხალხმა უნდა დაიწყოს კრიტიკული აზროვნება და თავისი მომავლისთვის ბრძოლა. 


მეიმედება ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად, დღეგამოშვებით ან თუნდაც კვირაში ერთხელ გამოდის რუსთაველზე და თავის პოზიციას აფიქსირებს. ასეთი ხალხი ბევრია ჩემ გარშემო. 


ვისურვებდი, მეტი სოლიდარობა და ემპათია გაჩნდეს ადამიანებში.


ორჯერ დამაკავეს ადმინისტრაციული წესით. ორივეჯერ  გზის გადაკეტვის ბრალდებით. 14 და 5 დღით. ვიჯექი ჩვენს თანამებრძოლებთან, ძალიან მაგარ ხალხთან ერთად: ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ფილოსოფიაზე , მეცნიერებაზე.. და, რა თქმა უნდა, პროტესტზე.


ოცნების რეჟიმი  ხედავს, რომ ვერ მოერია პროტესტს საშინელი რეპრესიების და ტერორის მიუხედავად. დაბნეულია. აბსურდულ კანონებს იღებს, მაგრამ არაფერი გამოსდის. 


უწყვეტმა პროტესტმა აჩვენა მსოფლიოს რომ არ ვნებდებით, არ ვეგუებით ავტორიტარიზმს. ამან მოიტანა არალეგიტიმური ხელისუფლების გარიყვა საერთაშორისო აქტორების მიერ, იზოლაცია და ბევრი მათგანის დასანქცირება. 


მაკო ქაფიანიძე: უწყვეტი პროტესტის შედეგია, რომ საერთაშორისო არენაზე სერიოზულად აღიქვამენ ჩვენს პოზიციას, რომ ეს არაა წლების წინანდელის მსგავსი "ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი". ეს არის დაპირისპირება რეჟიმთან. რეჟიმი დაუნდობელია ფორმებში, ქმედებებში, მიდგომებში. 


რამდენადაც სერიოზული და მძიმეა რეჟიმის წნეხი, და რამდენადაც უწყვეტია პროტესტი - მით მეტად აჩვენებს ჩვენს სერიოზულ მიდგომას, რომ არ ვეგუებით რეჟიმს. ესაა მესიჯი როგორც რეჟიმის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მისამართით. 

ისტორიულ ჭრილში ბევრი მიღწევა შეიძლება გამოჩნდეს, რაც ყოველდღიურმა, გაუტეხელმა პროტესტმა მოიტანა. თუმცა, ახლა პროტესტში მყოფი საზოგადოებაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ. ეს არაა მარტივი არც ფიზიკურად, არც ემოციურად, არც ფინანსურად. მაგრამ სასწორის მეორე პინაზე იმხელა რამ დევს, ყველაფერს გადაწონის - თავისუფლება, რეალური მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და ს ა მ შ ო ბ ლ ო! ეს არის დიდი მოტივატორი, არ შეწყდეს პროტესტი.

პროტესტმა ამ დროის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა ფორმა და სახე. შესაბამისად, იცვლებოდა ჩემი როლებიც პროტესტში. გამოცდილებით ვისწავლე, რომ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შემოტევის პირობებში, აუცილებელია საკუთარი სათქმელიც ვაკონტროლო, რომ უნებლიედ არ ჩავდგე რეჟიმის სამსახურში რაიმე ფორმით. ამიტომ ჩემი პოსტების ადრესატები და თემები მეტად წინასწარ განჭვრეტილია, ვიდრე 2024 წლის ცხელი მოვლენების დროს.


მაკო ქაფიანიძე
მაკო ქაფიანიძე

ყველა დიდ აქციაზე, მარშზე აუცილებლად გავდივარ. განსაკუთრებით, თუ ეს აქცია-მარში პარასკევი-კვირის პერიოდს ემთხვევა და ბავშვები თანატოლ დეიდაშვილებთან მყავს დაბინავებული. ასეთ დროს ღელვა და შფოთვა არ აქვთ და მეც თამამად შემიძლია, გარეთ დავრჩე. 


აქტიურად ვაზიარებ მნიშვნელოვან საპროტესტო ინფორმაციას სოც.ქსელებში (ძირითადად ფბ და იქსი - ყოფილი ტვიტერი), ვმონაწილეობ პროტესტანტი ქალების (300 ქალი) დაგეგმილ აქტივობებში ან მათ მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში. ვარ მოხალისე მძღოლი, ბოლო თვეების განმავლობაში, სინდისის პატიმრების გაზეთების გავრცელების საქმეში. 


2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომა-ზამთრის ცხელი პროტესტის დროს ვიყავი აქტივისტი და მოხალისე მძღოლი აქტივისტებისთვის. 


2025 წლის პირველი დეკემბერს  BBC-ის დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. ფილმში სანდო წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ნავარაუდევია, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქართული ოცნების რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენა. ამ საგამოძიებო ჟურნალისტურმა ნამუშევარმა მოსახლეობაში ახალი მოთხოვნა გააჩინა: საერთაშორისო დონეზე გამოიძიონ ქიმიური იარაღით მოწამვლის საქმე და გაასაჯაროონ დოკუმენტები. 


ეჭვები, რომ ეს არ იყო მხოლოდ წყალი, 2024 წელსვე არსებობდა. მაგრამ ჩვენი მორალური გადასახედიდან ვერ დავუშვით, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ქიმიური ნივთიერება; და რადგან წყალი კანს წვავდა, დიდწილად ვეჭვობდით, ეს შეიძლებოდა წიწაკის სპრეი ყოფილიყო. 


ამ მოვლენის შემდეგ აქტივიზმის ჩემი ახალი ნიშა და ფორმა გავიჩინე: ყოველდღე ჯიუტად ვაზიარებ/ვავრცელებ ინფორმაციას, რომ რეჟიმმა მიზანმიმართულად მოგვწამლა. ეს ტერორიზმია. მინდა, ეს თემა იყოს ფართოდ გავრცელებული და აქტუალური. 


ამაზე დიდი დანაშაული შეუძლებელია ჩაიდინოს ძალაუფლების მქონე ადამიანმა თუ ადამიანთა ჯგუფმა, თავისივე მოქალაქეების წინაშე. 


პოლიტიკურ ძალებს ამ ეტაპზე არ განვიხილავ პოტენციურ საარჩევნო სუბიექტებად. ჩემთვის ველი სრულად ჰორიზონტალურია, სადაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ქმედება თუ მხოლოდ პარტიულ-პოლიტიკურ შინაარსს გულისხმობს, ეს ჩემთვის დიდი ამორალობაა. ასეთ სუბიექტებს არასდროს დავუჭერ მხარს. 


რაც შეეხება აქტივისტურ ჯგუფებს და ინდივიდებს - არიან ისეთები, ვინც საქმით დაამტკიცა სანდოობა და მეც ვენდობი. ოღონდ, ფხიზელი თვალით. 


ვისურვებდი, ყველა ეს ჯგუფი საერთო სივრცეშიც ელაპარაკებოდეს ერთმანეთს და გარდა ვიწრო თემატური აქტივობებისა, საერთო სტრატეგიაზეც ვმუშაობდეთ. ეს საჭიროა, რომ ფოკუსი არ დავკარგოთ და მთელი ენერგია მთავარ სამიზნეზე მივმართოთ. იდეებისა და ქმედებების დივერსიფიკაცია ახლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - მიზნების ფრაგმენტაცია.


საბა ციმიტია, სტუდენტი: უწყვეტი ერთწლიანი პროტესტის განმავლობაში დავინახე, ვინ ვინ არის ჩემ ირგვლივ. ვის უნდა ვენდო, ვის არ უნდა ვენდო, ვისი იმედი უნდა მქონდეს და ვისი - არა. 


საბა ციმიტია
საბა ციმიტია

ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება შეიცვალა, ეგეთი რაღაც არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემმა ქმედებამ რომ რამე შეცვალა, არ მიგრძვნია. მაგრამ, იმედია, მაგის დროც მოვა.

თუ დააკვირდებით, ოჯახის წევრებს ერთმანეთი სძულთ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები აქვს. თუ მშობელი შვილს ვერ იტანს და პირიქით, შვილი - მშობელს იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ, ესე იგი, მნიშვნელოვანია ის, რასაც სამშობლო ჰქვია. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მამას ვერ აპატიებ სამშობლოს ღალატს. 

გამარჯვებას რაც შეხება, ვიბრძოლებ, სანამ სინდისის თითოეული პატიმარი არ გათავისუფლდება. სულ ბრძოლაა საჭირო. ამ გამარჯვებამდეც და - მერეც. 

რეგიონის მოსახლეობას ვთხოვდი: დააკვირდით სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და ეკლესიის წარმომადგენლების მესიჯებს - როგორ გვანან ერთმანეთს. მერე უსმინეთ მღვდლებს, რომლებიც თავისუფლებაზე საუბრობენ. მოუსმინეთ არა იმიტომ, რომ ავტორიტეტია, არამედ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გული გეტყვით, რომ სიმართლეს ამბობს.


გამარჯვებას რაც შეხება, ვიბრძოლებ, სანამ სინდისის თითოეული პატიმარი არ გათავისუფლდება. სულ ბრძოლაა საჭირო. ამ გამარჯვებამდეც და - მერეც. 


Comments


bottom of page