top of page

ხეობა, რომელიც სოფელმა დაიცვა: ბალდის კანიონის ამბავი

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jan 19
  • 3 min read

მარტვილიდან 10 კილომეტრში სოფელი მეორე ბალდაა: ფირუზისფერი მდინარით, ჩანჩქერებით, ბზის ტყითა და კანიონით, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ბუნების ძეგლია. გარდა ეროვნული მნიშვნელობისა, ხეობას ადგილობრივებისთვის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და საკრალური მნიშვნელობაც აქვს.



ერთხელაც ამ ადგილის ირგვლივ ტერიტორია შემოიღობა. რადგან ბუნების ძეგლზე ზრუნვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევალება, ბალდელებმა ჩათვალეს, მდინარეზე იმ ჩასასვლელს ამზადებენ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდითო. ვარაუდი მაშინ გაქარწყლდა, როცა ადგილობრივები კანიონიდან გამოყარეს. საკუთარი ძალებით ამბის გამორკვევის შემდეგ აღმოაჩინეს 2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კერძო პირთან. სოფლთან შეუთანხმებლად დადებული გარიგების მიხედვით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ხეობის ნაწილი შპს "კანიონი350-ს" 40 წლით მიჰყიდა.


მოგვიანებით, ისევ თავისი ძალებით, მოიძიეს პრეზენტაცია ხეობაში დაგეგმილი პროექტის შესახებ. აღმოაჩინეს, რომ თურმე ხელშეუხებელი ხეობის კლდეები უნდა მოერეცხათ და რკინის ტროსებით დაექსელათ. ტროსებზე რკინის სქელი მილი დამაგრდებოდა და ვინც ფულს გადაიხდიდა, ამ მილზე სრიალს შეძლებდა. სანაპიროები ქვის კედლებით მოპირკეთდებოდა, ფერდობებზე ჯიხურები დაიდგმებოდა, ბეტონის ბილიკები დაისხმებოდა, რკინის ხიდები გაიდებოდა და კანიონი ჩაიკეტებოდა ხალხისთვის.



როცა სოფელმა უკმაყოფილება გამოთქვა, ინვესტორმა ჯერ მოლაპარაკება სცადა, შემდეგ კი კითხვების დასასმელად მისული ერთ-ერთი ბალდელი კინაღამ ცემა. სისხლის სამართლის დამნაშავედ სცნეს ამისთვის. ამ ძალადობრივ ეპიზოდს მალევე მოჰყვა ჯგუფური თავდასხმა მეორე ბალდელზე, რომელიც ინვესტორმა დაქირავებულ ჯგუფთან ერთად დაიმარტოხელა და ფიზიკურად გაუსწორდა. მეორედაც გამტყუნდა სისხლის სამართლით, მაგრამ სასამართლომ მხოლოდ ფულადი სანქციები დააკისრა.


აქ უკვე კანიონის გარდა, სოფლის ღირსების საკითხიც დადგა. ბალდელებმა ინვესტორი ხეობაში არ შეუშვეს, საპროტესტო კარავი დადგეს და უკვე 2 წელზე მეტია, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში კარავში მორიგეობით დარაჯობენ, კერძო კომპანია ბუნების ძეგლზე მშენებლობის განსაახლებლად არ შეიპაროს. რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე სოფელმა გაიმარჯვა.



იყო კომპანიისგან პროვოცირებული ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. ინვესტორმა მასზე მომუშავე ოჯახი ისე წააქეზა, ორი კაცი სანადირო თოფითა და დანით საპროტესტო კარავს დაესხა. ერთ-ერთ ადგილობრივს, მინდია ბჟალავას რომ არ ეყოჩაღა და თავდამსხმელისთვის იარაღი არ წაერთმია, სოფელში ტრაგედია დატრიალდებოდა. მინდიას 7 ჭრილობა მიაყენეს და ყური დაუზიანეს. ამ ამბით შეძრული სოფლიდან პოლიციამ მეორე დღესვე გაიტაცა ინდიკო ბჟალავა, რომელიც პოლიციის მიერ გაყალბებული ჩვენების გამო 3 თვე ჰყავდათ წინასწარ პატიმრობაში. საბოლოოდ სასამართლოს მაინც მოუწია ინდიკოს გამართლება.


ცოტა ხანში ისევ ხალხმა და ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ბალდის კანიონის გაყიდვა უზარმაზარი კორუფციული ქსელის ნაწილი ყოფილა. ქსელის ცენტრალური ფიგურები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, რუსეთში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი მამუკა მერკვილაძე და მისი ბიძაშვილი, ბალდელებზე ძალადობისთვის ორჯერ სისხლის სამართლით გამტყუნებული გიორგი მერკვილაძეა. ეს ქსელი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ყველა ძეგლებზე აღმოჩნდა მოდებული. თითქმის ბოლომდე გამოძიებული საქმე პროკურატურასა და ანტიკორუფციულ ბიუროს ჩააბარეს, მაგრამ რეაგირება დღემდე არაა.


ამასობაში ინვესტორს პროექტის ჩაბარების ვადა 2025 წლის 29 ნოემბერს ამოეწურა. ვადა გაუვიდა ხელშეკრულებასაც. რადგან ამის შემდეგაც კი კანიონში ჩასასვლელი არ გახსნეს, ბალდელი დედები მიტაცებული ტერიტორიის შესასვლელში დასხდნენ და 26 ღამე მორიგეობით გაათენეს პასუხის მოლოდინში. სოფელმა პასუხი ვერც ერთ უწყებაში ვერ მიიღო.



ჯერ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიაკითხეს თავმჯდომარესთან საჯარო შეხვედრისთვის. მიიღეს უარი, პოლიციის მობილიზება და საეჭვოდ აგრესიული ხალხი სააგენტოს დერეფანში. მერე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მივიდნენ, ვისი ქვე-უწყებაცაა დაცული ტერიტორიების სააგენტო. სამინისტროს კარი სამუშაო დღეს სპეციალურად ბალდელებისთვის ჩაკეტეს და ხალხი შენობაში არ შეუშვეს. მერე მარტვილის მერს სთხოვეს დახმარება პასუხის გარკვევაში, მაგრამ უშედეგოდ. მერე მიაკითხეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციას, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ექვემდებარება. კანიონიც ამ ადმინისტრაციას აბარია. ადმინისტრაციის დირექტორმა, უახლოეს მომავალში იქნება პასუხიო. პასუხი დღემდე არაა. ბოლოს სამეგრელოს გუბერნატორს ჩააკითხეს ზუგდიდში. თხოვდნენ საჯარო შეხვედრას, მაგრამ მიიღეს უარი და სპეციალურად მობილიზებული პროვოკატორები უწყების დერეფანში.


ამდენი შეურაცხყოფით გამწარებულმა დედებმა მიტაცებული კანიონის ჩასასვლელს თავისი ბოქლომი დაადეს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს განუცხადეს, თუ ჩვენ არ გვიშვებთ ხეობაში, ვერც ჩვენს გარეშე ჩავა ვერავინო. პროტესტი ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად დღემდე გრძელდება. სოფელი ითხოვს, ხალხის კუთვნილება დაუბრუნდეს ხალხს.



სტატიის ავტორი: მოძრაობის - "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრი, დათო სიმონია.


Comments


bottom of page