top of page

ამბავი პატიოსანი ფულისა - ბესო სოლომანაშვილის საავტორო სვეტი

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 15
  • 2 min read

Updated: Jun 28

“ჩვენ კიდევ ეგრე ბეჩავად ვუყურებდით, როგორ გემრიელად მიირთმევდნენ ჩვენს ნაშრომს და გვატყუებდნენ, აბა გამდიდრება როგორ შეიძლება, ეგ ხომ ცუდიაო.”

ერთხელ, აი ეს ფეისბუქი როა, სოციალური ქსელები - ახალი ხილი... ჩვენთვის ახალია, მა რა არი, სულ რაღაც 10 წელია გავუგეთ გემო და არ მიკვირს,  ვისაც რა მოუნდება იმას რო წერს. მთავარია ტვინები ძალიან არ აგვირიოს, მთავარია მივხვდეთ, რა არის მართალი და რა - ტყუილი, არადა რთული ამასაცნობი არაა, დროს უნდა დავეწიოთ მხოლოდ.


ხოდა მანდ ერთხელ, ერთი ჩემი მეგობარი წერს, ის ჟიგულევსკი 23 კაპიკიანი “პივა” მომენატრაო. ვაჰ ვიფიქრე, გონიერ კაცად მახსოვს, არც პირის გემო დაეწუნება, არც ცხოვრების მადა, არც მიხვედრილობა.  როცა შესაძლებელი გახდა მთელი ქვეყნიერებაც მოიარა. კარგიც ჭამა და სვა - ვერაფრით მივხვდი ეგ რანაირად უნდა მონატრებოდა. მითუმეტეს რომ, იმ საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულს, რომელიც ნამდვილად არ იყო ლუდი, მჟავე-მწკლარტე გემო ჰქონდა. თან გასინჯული თუ გაქვს  ნამდვილი გერმანული, ჩეხური, ირლანდიური, ჰოლანდიური  ლუდები,  იმას როგორ უნდა მისტიროდე-მეთქი, ვიფიქრე. 


ვერ გამიძლო გულმა და ვკითხე, რამ მოანატრა ის რაღაც, მარტო უშნოდ დახატულ ეტიკეტზე რომ ეწერა “ლუდი” და მაგის გარეშე ვერც მიხვდებოდი რა დასალევი იყო.

“კომუნისტებმა მიგვაჩვიეს - ფული ხელის ჭუჭყიაო”

ბევრი იცინა. ბიჭოო, აბა მაგის კაცი მნახე, ის წმუთხი მომნატრებოდაო? სიტყვას მოვაყოლე, ის ასაკი მაგონდება კარგად, მაგას რო ვიტანდი, ვითომ ლუდსო. ახალგაზრდა ვიყავი, ჯანსაღი, ენერგიული, გოგოებს მოვწონდი, მეგობრებში კარგი სახელი მქონდა, მაშინ სხვა ლუდი არ იყო და ეგ ხდებოდა შეხვედრების და ურეთიერთობის საბაბიო. ერთადერთი, შედარებით ნორმალური, ჩეხური შემოდიოდა და იმასაც ათმაგ ფასში ყიდდნენ ქურდბაცაცა დახლიდარებიო. ახლობელი თუ არ იყავი, იმასაც ვინ გამოგიჩენდაო. მართალი ხარ, ცუდად მომივიდა, უნდა დამეზუსტებინა, თორე ვინმე იფიქრებს ის ვითომ ლუდი მომწონს და დაბალი გემოვნების ადამიანი ვეგონებიო.


მოკლედ ასე, ფეისბუქში კი დაწერა რომ 23 კაპიკიანი “ჟიგულევსკი პივა” ენატრებოდა მარა სულ სხვა ამბავი ყოფილა აქა: ახალგაზრდობა ენატრებოდა ჩემ მეგობარს, სილაღე და სიხარული.


ან კიდე ისა, მანქანები, თურმე მსოფლიოში მანქანებს ხალხი თავისუფლად ყიდულობს. ბევრი ფული ვისაც აქვს - ძვირფასს შეიძენს, ცოტა ფული ვისაც აქვს - მანქანაც შესაბამისია. თუმცა აღმოჩნდა რომ ის იაფფასიანიც კი უკეთესია, ვიდრე საბჭოთა მანქანები. თავიდან ვერ იჯერებდა ხალხი, მაინც საბჭოთა სჯობსო. ეტყობა ეგონათ, რასაც კომუნისტები ყვებოდნენ, სიმართლე იყო.  


რა ჯობია იყო  მდიდარი, როცა ფული პატიოსნადაა ნაშოვნი?  საბჭოთა კავშირში მიგვაჩვიეს ფულის ცუდად მოხვეჭას - ისე ვერ გამდიდრდებოდი თუ არ მოიპარავდი.  არა და, თურმე პატიოსნადაც შეიძლება.


ზოგს ახლაც არ სჯერა, ისევ იმ დროში ჰგონია თავი  და რა უნდა ქნა! ეგ იმიტო ხდებოდა რო, უბრალო ადამიანს მოთხოვნილება ჰქონოდა, თავისი თავი არ დაეფასებინა და თუ დააფასებდა, ქურდი ჰგონებოდა თავი და სულ იმის შიშში ყოფილიყო, რომ დაიჭერდნენ.  იმ დროის ხალხს გეხსომებათ რაიკომის მდივნები როგორ ცხოვრობდნენ. არც მუშაობდნენ, არც ბიზნესები ჰქონდათ  და მაძღრები კი იყვნენ. აი იმ ფულით იყვნენ მაძღრები, რომელსაც პატიოსან, მშრომელ კაცს ათასი ტყულით სძალავდნენ.


კომუნისტებმა მიგვაჩვიეს - ფული ხელის ჭუჭყიაო, თორე სულაც არ არის პატიოსნად ნაშოვნი ფული ხელის ჭუჭყი. ვინც ცუდად შოულობს, იმისთვისაა სიბინძურე, პატიოსანი ადამიანისთვის კი თავისი შრომისა და ნიჭის დაფასებაა, დაღვრილი ოფლის საფასური და პატიოსნად დაღვრილი ოფლი კიდე უბრალოა, სუფთა.


ჩვენ კიდევ ეგრე ბეჩავად ვუყურებდით, როგორ გემრიელად მიირთმევდნენ ჩვენს ნაშრომს და გვატყუებდნენ, აბა გამდიდრება როგორ შეიძლება, ეგ ხომ ცუდიაო.


მოკლედ, იმის თქმა მინდა რო პატიოსნება ყველაზე მაგარი რამეა და პატიოსნად გამდიდრება კიდე ჩვენი ღირსებაა. რათ უნდა გვრცხვენოდეს სიმდიდრის? რათ უნდა გვენატრებოდეს  უბედური, უხარისხო ცხოვრება?  ხო და, ისა რო  პატიოსანი შრომითაც შეიძლება გამდიდრება.

 ბესო სოლომანაშვილი, მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი
 ბესო სოლომანაშვილი, მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი


تعليقات


bottom of page