top of page

მუხრანში დაკავებული ამირან დოლიშვილის ოჯახი უსამართლო ბრალდებაზე საუბრობს — გამოძიება 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 14
  • 2 min read

Updated: Oct 15

ამირან დოლიშვილის ოჯახი - დედა, დები და მცირეწლოვანი ძმა მოუთმენლად ელოდება ამირანის დაბრუნებას.

ამირან დოლიშვილის სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, 9 ოქტომბრის საღამოს სამართალდამცავები ,,განსაკუთრებული დანაყოფის” მონაწილეობით შეიჭრნენ. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები გვიყვებიან. მათი ინფორმაციით, სამართალდამცავების შეჭრისას სახლში მხოლოდ ამირანი და მისი მცირეწლოვანი ძმა იმყოფებოდნენ.


“სპეცრაზმის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად, დაზიანდა სახლის კარი და ნივთები, ხოლო ამირანი დაკავებისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მისი მცირეწლოვანი ძმის თვალწინ. დედამ შემთხვევის ადგილზე მისვლა სწორედ იმ დროს მოასწრო, როცა ამირანს უკვე მანქანაში სვამდნენ” - ყვებიან ამირანის ოჯახის წევრები. 


ცნობილია, რომ შეკამათებისას ამირანის დედას ერთ-ერთი სპეცრაზმელის მოქნეული ხელიც კი მოხვდა სახეში. თავად ამირანს კი სპეცრაზმელმა გამიზნულად დაარტყა სახეში ხელი, მისი მცირეწლოვანი ძმის თვალწინ. ამირანის დის მეუღლემ, რომელიც სახლში შეჭრილებთან ახსნის მოსასმენად შევიდა, პასუხად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. 


11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალუთაშვილს და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის (პრეზიდენტის სასახლე) ხელში ჩაგდება - ბლოკირების მცდელობაში ედებათ.


ამირან დოლიშვილი
ამირან დოლიშვილი

ამირანი 21 წლისაა. მას არასდროს ჰქონია კავშირი რომელიმე პარტიასთან, პოლიტიკურ ჯგუფთან ან შეკრებასთან. მისი ახლობლები ახასიათებენ როგორც კეთილ, მშვიდ ადამიანს. მასთან არც კონფლიქტები და უარყოფითი ურთიერთობა ახსენდებათ მის ნაცნობებს. 


ამირან დოლიშვილის ოჯახის წევრების თქმით, 4 ოქტომბერს ამირანი მართლაც იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ინცინდენტი მოხდა, თუმცა, იქ იყო პირველად და მხოლოდ რამდენიმე საათით. ვიდეოკადრებში არ ჩანს მისი დანაშაული და მას არანაირი ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია. 


ამირანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს არის უსამართლო ბრალდება. თვითმხილველების თქმით, ის ადგილები, რომლის გამოც ამირანს ედავებიან, წინასწარ იყო დაზიანებული.


ამირანის ოჯახი — დედა, დები და მცირეწლოვანი ძმა მოუთმენლად ელოდებიან მის დაბრუნებას. ისინი ყოველდღე ლოცულობენ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და უდანაშაულო ახალგაზრდა სახლში დაბრუნდეს.



2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა “ქართული ოცნების” მიერ ამავე დღეს ჩატარებული არჩევნების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურად თვლიან, მოითხოვენ სინდისის ტყვეების გათავისუფლებას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.


თბილისსა და სხვა ქალაქებში ათ თვეზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 4 ოქტომბრის აქციაც მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც “ქართული ოცნების” რეპრესიული რეჟიმი მიუღებელია, საკუთარი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. 


4 ოქტომბრის საღამოს, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში შესვლას ცდილობდნენ. 


წყარო: TV პირველი
წყარო: TV პირველი

აღნიშნულ მოვლენას მოქალაქეების დიდი ნაწილი პროვოკაციად აფასებს. არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები და კადრები, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო დაზიანებული, რათა აქციის მონაწილეებს ნაკლები წინაღობა შეხვედროდათ. 


ვის ინტერესებში შედიოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეღწევა და აქციის მონაწილეების ჯგუფის შესაბამის ლოკაციაზე მიყვანა, საზოგადოებისთვის უცნობია. ასევე გამოუძიებელი და აუხსნელია, სასახლის ღობის წინასწარ დაზიანების საკითხი. 


4 ოქტომბერს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. მიმდინარეობს 4 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დევნა და დაპატიმრება.


უწყვეტ პროტესტში ჩართული მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე სინდისის ყველა პატიმარი არ გათავისუფლდება და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. 


Comments