top of page

რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს დღეს საქართველოში, ესეც გაივლის, ესეც დროებითია, რადგან “ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა” (იაონე 1.5)” - ემიგრანტის ხმა

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 19
  • 5 min read

როზა მიქელიანი მუხრანში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ის ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს. როზა გაზეთ “საზოგადოება - მცხეთის” მკითხველს თავის ამბავს უყვება. 


ამ სტატიაში გაეცნობით, როგორ მიიღო განათლება ევროპის ერთერთ წარმატებულ ქვეყანაში - ესტონეთში, მუხრანელმა ახალგაზრდამ; როგორ იპოვა ესტონელების დახმარებით ქრისტე და როგორია ექვსწლიანი ემიგრაციის შემდეგ დანახული ამჟამინდელი საქართველო. 


საშუალო განათლება და მზადება მომავლისთვის: “პატარა ქანდის სკოლაში ვსწავლობდი, მეცხრე კლასის ჩათვლით. დავასრულე მუხრანის ნომერ პირველი საჯარო სკოლა. მოტივირებული ვიყავი, კარგად მესწავლა. ზუსტად ის პერიოდი იყო, ბევრი რეფორმა რომ ტარდებოდა. ამიტომ, ძალიხსმევას შედეგი და აზრი ჰქონდა. 


“ცდა ბედის მონახევრეა”: ჯავახიშვილში (თსუ) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მესამე კურსზე “ერასმუს მუნდუსის” გაცვლითი პროგრამა აღმოვაჩინე. ჩავთვალე, რომ ცდად ღირდა. თუმცა, მაინც არ მჯეროდა, რომ რეალური შანსი მქონდა.


 “ცდა ბედის მონახევრეა” - ხომ გსმენიათ. ბაკალავრიატის მესამე კურსზე 2 სემესტრით ვენეციის “კა’ ფოსკარის” უნვერსიტეტში უფასოდ სწავლის უფლება და საცხოვრებელი ხარჯებისთვის ყოველთვიური დაფინანსება მოვიპოვე. ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო. არავის ვიცნობდი, ვინც დამაკვალიანებდა ან რამე მსგავს გამოცდილებას გამიზიარებდა. დაახლოებით ერთი წელი ვსწავლობდი და ვცხოვრობდი იტალიაში, ვენეციაში. 


ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, საქართველოში ვმუშაობდი ბიზნეს კონსულტანტად ერთ-ერთ პატარა ტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც მივხვდი, რომ ბიზნესზე მეტად ინფორმაციული ტექნოლოგიები მაინტერესებდა. ამ კუთხით დავიწყე სამაგისტრო პროგრამების ძებნა ევროპაში, დაფინანსებით. ასე აღმოვაჩინე ესტონეთი - უკვე იყო ცნობილი როგორც ციფრული სახელმწიფო”. 


ree

კიდევ ერთი წარმატება: “ვიფიქრე, ყველანაირად ოპტიმალური იქნებოდა, კიდევ ერთხელ თუ ვცდიდი და უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მოვიპოვებდი. ასეც მოხდა. ესტონეთის სახელმწიფოს დაფინანსების წყალობით, რისიც ძალიან მადლერი ვარ, ტარტუს უნივერსიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის სამაგისტრო პროგრამა დავასრულე. 


ამჟამად ვმუშაობ ფინტექის სექტორში პროდუქტ(ებ)ის მენეჯერად. (ფინტექი (FinTech) არის ტერმინი, რომელიც აღწერს ფინანსურ მომსახურებებსა და პროდუქტებს, რომლებიც იქმნება და მუშაობს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით)”.


ცხოვრების ხარისხი ესტონეთში, მოქალაქეები და მათი სამუშაო გარემო-პირობები: “რაიმე სახის ყოველდღიურ სირთულეებთან შეჭიდება არ მიწევს. აქ ცხოვრება ძალიან მშვიდი და სტაბილურია, დასაქმების კულტურა უაღრესად მოწესრიგებული და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. დასაქმებულის ულფებები დაცულია. კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო უკეთესი დამატებითი ბენეფიტებით შეძლებს კადრის მიზიდვას. 

“ოჯახის შექმნა ხელშეწყობილია. დამატებით ზრუნვა იგრძნობა როგორც სახელმწიფოსგან, ასევე, ბიზნეს სექტორისგან”

მაგალითად, სავალდებულოა, ყველა დასაქმებულს ჰქონდეს წელიწადში მინიმუმ 2 კვირა გადაბმული, და წელიწადში 30 კალენდარული დღე შვებულება. არავინ ელის, რომ დამატებით საათებს იმუშავებს ვინმე. ხშირად მენეჯრები აქეთ მოუწოდებენ დაქვემდებარებულებს, შვებულების გამოყენებისკენ. 


კოვიდის შემდეგ, კომპანიებში მენტალური ჯანრმთელობის თემასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან: ტრენინგები, სავარჯიშო სივრცეები, ფსიქოლოგის და თერაპიის დახმარების უფასო უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის უკვე გავრცელებული პრაქტიკაა. 

“დეკრეტიდან დაბრუნებულ თანამშრომელს ოჯახსა და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემო ხვდება”

დეკრეტული შვებულება (ხელფასიანი) ორ წლიანია. დამატებით, უფასო მესამე წლის აღებაც შესაძლებელია. ვიცი რომ ვინც, მაგალითად, დეკრეტიდან ბრუნდება სამსახურში, ოჯახზე და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემო ხვდება. 


საბავშვო ბაღები, სკოლა და მთლიანად სახელწმიფო მოწყობილია ისე, რომ ოჯახის შექმნა ხელშეწყობილია, დამატებით ზრუნვა იგრძნობა როგორც სახელმწიფოსგან, ასევე, ბიზნეს სექტორისგან. ძალიან ბევრი კომპანიაა “family friendly” - თანამშრომლების შვილებისთვის სათამაშო ოთახებია მოწყობილი ოფისში. სახლიდან მუშაობა თითქმის ყველას შეუძლია (პროფესიიდან გამომდინარე).


ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა. არ ვიცნობ ესტონელს, ვინც მაგალითად, სიგარეტს ეწევა. უმრავლესობა რეგულარულად დადის სპორტდარბაზში, დარბის გარეთ ან აქტიურად არის დაკავებული სპორტით (ფრენბურთი, კალათბურთი, ცურვა, ფეხბურთი, ჩოგბურთი, ა.შ). 


ესტონელები ბევრ დროს ატარებენ ბუნებაში. ტალინში მრავლადაა კეთილმოწყობილი პარკები და გარშემო თითქმის სულ ტყეა. აქ განსაკუთრებულად უყვართ სიმშვიდე და ხელუხლებელი ტყე.

“ესტონელი პენსიონერი თვეში 774 ევროს იღებს. ეს, დაახლოებით, 2400 ლარია”

პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობენ, არ არიან დამოკიდებული ოჯახის წევრების და შვილების მხარდაჭერაზე. ზოგი მოგზაურობს საპენსიო ასაკში - განსაკუთრებით ისინი, ვისაც დანაზოგიც ჰქონდა. საშუალო ესტონელი პენსიონერი თვეში 774 ევროს იღებს, რაც დაახლოებით 2400 ლარია. 


მაღაზიაში კონკურენტული ფასებია, ყველგან არის ყველანაირი სახისა და ფასის პროდუქცია. 


განათლებას, წიგნის კითხვას და ზოგადად, აზროვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ესტონელების ყოველდღიურობას. ძალიან ინფორმირებული და რაციონალურად მოაზროვნე ერია. ცივი გონებით და ნაკლებად ემოციურად შეუძლიათ მიუდგნენ ურთულეს საკითხებს, რისი წყალობითაც შეძლეს ევროპაში წამყვანი ციფრული სახელმწიფოს შექმნა. თუკი ადრე “სკაიპის” დაფუძნებით ამაყობდნენ, დღეს ინოვაციის და ტექნოლოგიის წყალობით ახალი კომპანიების თაობა წამოვიდა, რომელთაგან ორს პირადად რეგულარულად ვიყენებ და საქართველოშიც ოპერირებენ: “ბოლტი” და “ვაიზი”.


არსებობს საყოველთაო ჯადნაცვა და ოჯახის ექიმი. ბევრი კომპანია, მათ შორის ჩემი დამსაქმებელიც, ხელფასთან ერთად კერძო დაზღვევასაც უზრუნველყოფს. რეალურად, ადამიანს ჯანდაცვაზე დიდი ყოველთვიური ხარჯების გაწევა არ უწევს თუ კონკრეტული დიაგნოზი არ აქვს, რის შემთხვევაშიც დაზღვევა ხელმისაწვდომია”.

“ესტონეთში რუსული ენაზე სწავლება დაშვებული აღარაა”

ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტების ახალი გამოწვევა: 

“ესტონეთის უახლესი გადაწყვეტილებით, ესტონური ენის ცოდნა სავალდებულო ხდება მათთვის, ვისაც აქ ხანგრძლივად ცხოვრება და მუშაობა სურს. აქამდე ეს სავალდებულო არ იყო. 


ასევე, რუსულ ენაზე სწავლება აღარაა დაშვებული. ესტონეთში 20%-ზე მეტი რუსულენოვანი მოსახლეობაა და ისტორიულად არსებობდა რუსულენოვანი საბავშვო ბაღები თუ სკოლები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, ამ საკანონმდებლო ცვლილების გატარება ესტონეთში აღარ დააყოვნეს”.


საქართველო ემიგრანტის თვალით: “აქედან კიდევ უფრო ცხადად ჩანს მკვეთრი, სწრაფი ქმედებებით როგორ შეიცვალა ქვეყნის კურსი. თუ აქამდე ქართული, ქრისტიანული, იგივე ევროპული ღირებულებებისკენ მივიწევდით, ახლა ამ ყველაფერზე უარი ეთქვა საქართველოს მოსახლეობას. 

ree

ახლა მივიწევთ იმ ნაცნობი, მაგრამ საზარელი, არასასურველი რეალობისკენ, რისგანაც გვეგონა, თავი დავაღწიეთ - რუსული ყაიდის, საბჭოური საქართველო. სადაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ღირებულებეზე დაყრდნობით კი არ იღებენ, არამედ უწევთ შეაფასონ სწორი და სამართლიანი ქმედება და სიტყვა დაუჯდება თუ არა სამსახურის ანდა თავისუფლების დაკარგვად. ძალიან მძიმე სიტუაციაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ აურჩევია ის, რაც მივიღეთ: შიში, კორუფცია, უსამართლობა, სიღარიბე.


მაგალითად, რუსული კანონის მიღების შედეგად, პირადად მე შეიძლება ჩავითვალო ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტად”. მე თუ მშობლებს რაიმე სახის ფინანსური დახმარება გამოვუგზავნე - ისინიც აგენტებად ჩაითვლებიან. ჩემნაირად რამდენი სტუდენტი და ემიგრანტია, ანდა მათი ოჯახები - ყველა აგენტები ვყოფილვართ. 


საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ სასურველი ცხოვრების პირობებს შევიქმნი ან ვინმეს დახმარებას შევძლებ, თვითგადარჩენის რეჟიმში არ მინდა ცხოვრება. იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, ჩემი გამოცდილებით თავისუფალ საქართველოს რაიმე სარგებელი მოვუტანო”. 


ესტონეთში ნაპოვნი ქრისტე: “საქართველოში ყოფნისას ვკარგავდი რწმენას, რომ ღმერთი არსებობს, რომ ეკლესიაში რამე კარგი ხდება. მშობლებმა მომნათლეს თოთო ბავშვი, როგორც ხდება ხოლმე. იძულებითი, თავს მოხვეულიც კი მეჩვენებოდა, რადგან მე შეგნებული არჩევანის გაკეთების შანსიც კი არ მომეცა. არადა ქრისტიანობა ხომ ზუსტად თავისუფალ არჩევანზეა დაფუძნებული. არც ელემენტარული ინფორმაცია იყო მარტივად ხელმისაწვდომი. ბიბლიის წაკითხვა მარტივი არ იყო, ის კი არა, კურთხევა თუ უფლება უნდა გეთხოვა მოძღვარისგან. 


ვცადე ბიბლიის წაკითხვა, ეკლესიაშიც დავდიოდი და მარხვაც შემინახავს, მაგრამ ეკლესია იმდენად ცალკე იყო ყოველდღიური ცხოვრებისგან, ვერ აღვიქვი, როგორ შეიძლება ვიცხოვრო დღევანდელ სამყაროში და ვიყო კარგი ადამიანი, გააზრებული ქრისტიანი, რომლისთვისაც ქრისტიანობა მექანიკური ან მხოლოდ სიმბოლური სტატუსი არ იქნებოდა.


ამის ფონზე, როცა ესტონეთში წავედი ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ესტონეთი ათეისტური ქვეყანა აღმოჩნდა. სქართველოში ნანახი უსამართლობის შემდეგ ვიფიქრე: “აი სამოთხე, არავის არ სწამს არაფრის”.


გავიდა 1-2 წელი, და ნელ-ნელა სიცარიელის გრძნობა გაჩნდა. ვკითხულობდი სხვადსხვა სახის ლიტერატურას, რას აღარ მივედ-მოვედე. 


ერთხელ, ესტონელმა მეგობარმა შოტლანდიურ კულტურულ ღონისძიებაზე დამპატიჟა. იქ მოვისმინე ერთი მოძღვრის დისკუსია იმაზე, თუ როგორ ჩამორჩა ტრადიციული ეკლესია თანამედროვე ეპოქას. რომ ადრე ეკლესია განათლებისა და აზროვნების გავრცელების ცენტრი იყო, სულიერი სიმშვიდის, ნუგეშის და იმედის წყარო. დღეს ეკლესია ადამიანს ამ ყველაფერს აღარ სთავაზობს. 


აღმოვაჩინე, რომ ქრისტიანობაზე, იესო ქრისტესა და ბიბლიაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მივხვდი, ქართულ ეკლესიაში უფრო ის ვიგრძენი, რომ ცოდვილი ვარ და არა ის, რომ ქრისტეს ვუყვარვარ. 


დავიწყე ბიბლიის კითხვის წრეზე სიარული. დავინტერესდი, გავიცანი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქრისტიანული ღირებულებებით. ვუყურე ქრისტეს ცხოვრებაზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალს (უფასოდ არის ხელმისაწვდომი და ბიბლიის წაკითხვის კარგი ალტერნატივაა. ყველას ვურჩევ დაუთმოს დრო: https://watch.thechosen.tv/ ინგლისურადაა, მაგრამ ქართული სუბტიტრების არჩევაც შეიძლება).


საქართველოში დღეს ჩემსავით, ბევრმა შეიძლება დაკარგოს რწმენა. ჩემთვის მთავარი იყო წამეკითხა და გამეაზრებინა, ჩემს თავში მეპოვა რწმენა, გამეკეთებინა არჩევანი. ყველას ვურჩევ დრო დაუთმოს თვითგამორკვევას. შეკითხვის დასმა და ცნობისმოყვარეობა შეცდომა არაა. 


ბედის ირონიასავითაა ჩემი ისტორია: აქ ევროპის ყველაზე ათეისტურ ქვეყანაში ვიპოვე ქრისტე, ესტონელებს შორის, ესტონელების დახმარებით.


სამწუხაროდ, ანტიევროპული პროპაგანდა საქართველოში ძალიან ძლიერია. თითქოს აქ ერთსქესიანთა ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს აქ ღირსეული არავინაა, და მარტო საქართველოში შეიძლება ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანის არსებობა - თვითონ ეს აზრი არის ამპარტავნული, არაქრისტიანული, არაქართული, უფრო რუსული და საბჭოური ნარატივი. 


ყველგან არიან ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანები. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს დღეს საქართველოში, ესეც გაივლის, ესეც დროებითია. რადგან  “ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა” (იაონე 1.5).”


როზა მიქელიანი
როზა მიქელიანი

Comments