top of page

ანტიკრიზისული პლატფორმის წარდგენა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა, 16 ოქტომბერს გაიმართება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 15
  • 1 min read

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და პროტესტში მონაწილე მოქალაქეები ანტიკრიზისულ პლატფორმაში ერთიანდებიან.


პლატფორმას 16 ოქტომბერს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე (ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარედ) ოფიციალურად წარადგენენ.


პლატფორმა წარმოადგენს ქვემოდან-ზემოთ (bottom-up) ინიციატივას, რომელიც მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას, პროფესიონალიზმს, ანალიტიკურ მუშაობასა და დემოკრატიული, ევროპული ღირებულებების დაცვას ეფუძნება.


პლატფორმის მიზანია შექმნას კრიზისიდან საქართველოს მშვიდობიანად და სისტემურად გამოყვანის ანტიკრიზისული გეგმა, გააერთიანოს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და გააჩინოს სივრცე, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია.


ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლის, ნინო შარაშიძის თქმით, პლატფორმაზე აპარტიული მოქალაქეები მუშაობენ და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის კეთილდღეობის სურვილია. გუნდი იურისტებს, პოლიტიკური მეცნიერებების წარმომადგენლებს, ექიმებს, დიპლომატებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ეკონომისტებს, ყოფილ საჯარო მოხელეებსა და სხვა სფეროებში კომპეტენტურ მოქალაქეებს აერთიანებს.


"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ ერთიანობით, პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით" - ამბობს "საზოგადოება-მცხეთასთან" საუბრისას ნინო შარაშიძე და აზუსტებს: "დღევანდელ რეალობაში, სადაც პარტიებზე ნდობა ამოწურულია და მოქალაქეები კარგავენ იმედს, ასეთი გულწრფელი, მოქალაქეობრივი ინიციატივა შეიძლება ახალი იმედისა და სამოქალაქო მოტივაციის ცენტრი გახდეს. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გამოსავალი არსებობს და ის მოდის არა პარტიული სტრუქტურებიდან, არამედ - მოქალაქეებისგან".


პლატფორმაზე მუშაობა დაახლოებით 10 თვის წინ დაიწყო. მუდმივად იზრდება საინიციატივო ჯგუფი. ოფიციალური წარდგენის მიზანიც მოქალაქეების ინფორმირება და დაინტერესებული პირების ჩართვაა.


პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვინც აცნობიერებს ქვეყნის კრიზისის სიღრმეს, ვისაც სჯერა, რომ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და ენერგიას საერთო საქმის გამყარება შეუძლია:


"გვინდა შემოგვიერთდნენ ადამიანები, ვისაც არ აქვს პარტიული მიკუთვნება და არ ელოდება მითიურ ლიდერებს. ვინც მზადაა, პასუხისმგებლობის აღებისთვის და რეალური მოქმედებისთვის" - აღნიშნავენ პლატფორმის წარმომადგენლები.


პლატფორმაში გაწევრიანება ხდება ვებგვერდზე - www.chvenia.ge მოკლე ფორმის შევსებით, რომელიც იდეების გაზიარებისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის შესაძლებლობას თითოეული მოქალაქისთვის ხსნის.


ree

Comments


bottom of page