top of page

აშშ - ის წარმომადგენელთა პალატამ “მეგობარი აქტი” მიიღო

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 1
  • 1 min read

6 მაისს, აშშ - ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით “მეგობარი აქტი” მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.


საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349 კონგრესმენმა. ეს კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა. პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს - 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი.


„მეგობარი აქტის“ ფორმალური დასახელება ასეთია: „[აქტი] საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“.


ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით.


ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.


პალატამ კანონპროექტი მიიღო 6 მაისს, - როდესაც საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 160-ე დღე დაიწყო.


აქტის მხარდამჭერი კონგრესმენების თქმით, საქართველო აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც „იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას“ და რომლებიც ქვეყანას ჩინეთსა და ირანთან აახლოებს.


„ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში“, - განაცხადა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.


Comments


bottom of page