top of page

"ზოგჯერ კვირები ვართ ნაგავში... ვერ აღგიწერთ რა ხდება და როგორი ანტისანიტარიაა" - ნარჩენების გატანის პრობლემა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 2
  • 2 min read

ქეთი სვანიძე, 28 წლის, სოფელი წინამძღვრიანთკარიდან


“2024 წლის ოქტომბერში გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან სოფელ წინამძღვრიანთკარში. მას შემდეგ ვაწყდები ნარჩენების დროულად გატანის პრობლემას. რასაც ვუყურებ, მთლიანად საგურამოს თემშია ეს პრობლემა. 2017 წლის პოსტებიც კი მხვდება ამ საკითხზე.

ნაგავს ქექავს და ჭამს პირუტყვი, ძაღლები, იფანტება მთელ ტერიტორიაზე. მერე სოფელში ამ პირუტყვის ხორცს და რძეს მოიხმარენ, საშინელებაა. 

ძირითადად ახლად გადმოსულები ვაქტიურობთ და ღიად ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე.  ზუსტად ჩემი სახლის ამოსახვევთან დგას ნაგვის ურნები და ყოველ დღე ვუყურებ საშინელებას. შიგნით სოფელშიც საშინელი სიტუაციაა, ეზოებში, ტროტუარებზე, საბავშვო სკვერებშიც კი ნაგავი ყრია.


არაერთხელ მივმართეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მეც და სხვებმაც. პასუხი გამუდმებით ერთია - საკმარისი მანქანები არ ჰყავთ. როგორც ვიცი, ტენდერი არაერთხელ ჩავარდა და ეს პრობლემა ამდენი ხანი გადაუჭრელია. 


რეისებია დასამატებელი, ამ ტერიტორიაზე ძალიან გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა. ზოგჯერ კვირები ვართ ნაგავში. ყოველდღე უნდა დადიოდეს ნაგვისშემკრები მანქანა, ვერ აღგიწერთ რა ხდება და როგორი ანტისანიტარიაა მთელ საგურამოში და ზემოთ სოფლებში. 


წინამღვრიანთკარი
წინამღვრიანთკარი

ნაგავს ქექავს და ჭამს პირუტყვი, ძაღლები, იფანტება მთელ ტერიტორიაზე. მერე სოფელში ამ პირუტყვის ხორცს და რძეს მოიხმარენ, საშინელებაა. 


ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრება. რა ხანია პრობლემა გადაუჭრელია. 


როგორც კი ზემოთ წახვალთ მაგალითად ახატნისკენ, ან ცხვარიჭამიის გზას აუყვებით და დუშეთის ან თიანეთის მუნიციპალიტეტში გადახვალთ, იქ ეს პრობლემა არ დგას. ნაგავიც გააქვთ და გარემოც მოწესრიგებულია.”




შორენა ავანაშვილი, 42 წლის, მუხრანიდან


“ნარჩენების გატანის პრობლემა დიდი ხანია გვაქვს მუხრანში. ზაფხულში განსაკუთრებით გაუსაძლისი ხდება ეს ყველაფერი.  დიდი ხანი რომ არ გააქვთ ნაგავი, ვერ გაივლი სანაგვე ყუთის სიახლოვესაც კი. ანტისანიტარიის ბუდეა და საშიშია რამე დაავადება არ გავრცელდეს.

თუ თავს ვერ ართმევს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დამოუკიდებლად, უნდა განიხილოს ეს საკითხი მოსახლეობასთან ერთად.

ხალხი პირად საუბრობში წუხს ამ საკითხზე, მაგრამ ზოგს რატომღაც ეშინია ხმამაღლა და საჯაროდ საუბრის, ან პოსტის დადებისაც კი. ზოგს სხვისი ხელით უნდა პრობლემის მოგვარება და ელოდება.


როგორც გავიგე, საკმარისი მანქანები არ აქვთ, რათა ისეთი პერიოდულობით გაიტანონ, რომ, ნაგავსაყრელს არ დაემსგავსოს ურნის მიმდებარე ტერიტორია. თუ ეს არის ნამდვილად პრობლემა, იქნებ რამე ერთად მოვიფიქროთ, ცხადია მარტო ვერ უმკლავდებიან და იქნებ ხალხთან ერთად რამე გამოსავალი მოვნახოთ. თანახმაც კი ვარ, რომ ფასიანი იყოს, ნაგავში მაინც არ ვიჯდებით  და დაავადებების  გავრცელების რისკი შემცირდება, არ შეიძლება ასე. 


მუხრანი
მუხრანი

სოფელია, იქ მიუსაფარი ცხოველი ქექავს, დაბლა იყრება  და მერე მთელი ქუჩა ნაგვით არის  მოფენილი. ზოგჯერ, როდესაც ბუნკერს ცლიან, ირგვლივ, ძირს რაც ყრია, იმას ხელს არ ადებენ. ჩემ უბანში, რამდენჯერმე მივედი და მე მოვასუფთავე.


თუ თავს ვერ ართმევს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დამოუკიდებლად, უნდა განიხილოს ეს საკითხი მოსახლეობასთან ერთად. იქნებ საბოლოოდ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და ღირსეულ გარემოში ვიცხოვროთ და არა, ასე ნაგავში.”


Comments