top of page

ისტორიულ სვეტიცხოველში წყალი ორჯერ ჩავიდა

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 10
  • 2 min read

Updated: Jun 28

სვეტიცხოველში წვიმის წყალი პირველად მარტის თვეში, ხოლო მეორედ აპრილის შუა რიცხვებში ჩავიდა. 


სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩაჟონვასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება 22 მარტს გაავრცელა:


“გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად.


ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს.” - წერდა სააგენტო 22 მარტს. 


23 მარტს სააგენტო საზოგადოებას დაპირდა რომ პრობლემა სწრაფად გამოსწორდებოდა: “საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ სვეტიცხოველში გუშინ აღმოჩენილი პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულარულად გავრცელდება განახლებული ინფორმაცია” - აღნიშნავდა სააგენტო, ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე.


30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ისევ გაავრცელა განცხადება. განცხადების მიხედვით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წყლის ჩასვლით გამოწვეული შედეგების გამოსასწორებლად მუშაობდნენ.


“ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს  საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება” - ასე აღწერდა მიმდინარე სამუშაოებს სააგენტო.  

ფოტო გადაღებულია 17 ივნისს
ფოტო გადაღებულია 17 ივნისს

15 აპრილს სააგენტომ საზოგადოებას წყლის განმეორებითი ინფილტრაციის შესახებ აცნობა. განცხადებაში აღნიშნული იყო რომ უხვი ნალექის გამო პროცესის დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდა: 


“სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება” - ეწერა განცხადებაში. 


ამავე განცხადების მიხედვით, აღნიშნულ დროს (15 აპრილი) კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრებოდა.                                                                                   


15 აპრილის შემდეგ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განცხადება აღარ გაუვრცელებია. თუმცა, ის საზოგადოებას პირდებოდა რომ პრობლემა სწრაფად მოგვარდებოდა: “მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის  სრულფასოვნად აღმოფხვრა” - ეწერა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში. 


სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ტაძარი ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სვეტიცხოველი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი.


Commentaires


Les commentaires sur ce post ne sont plus acceptés. Contactez le propriétaire pour plus d'informations.
bottom of page