top of page

"მარტვილი ჩემი ფესვებია" - ოთო კვესელავა

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 22
  • 3 min read

Updated: Jun 28

სულ ჩემს მშობლიურ ქალაქზე ვფიქრობ, თუმცა სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ. მშობლიური ქალაქის დამსახურებაა - თუ ვინ ვარ დღეს. ვფიქრობ ადგილზე, ჩემს გულში რომ დაიდო ბინა: მარტვილი ჩემი ფესვებია.

არსებობს ცვლილებების რწმენა, რომელიც შეუცვლელი ძალაა. უბრალოდ, დარწმუნებით უნდა ვიცოდეთ, საით მივმართოთ ჩვენი მზერა.

მარტვილში დავიბადე. ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ბორცვებსა და მდინარეების პირას გავიზარდე. ისინი ჩვენი ქვეყნის  განსაკუთრებულ ნაწილად მიმაჩნია. მარტვილში მივიღე პირველი ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებიც დღემდე მომყვება და რომლებმაც ჩემი პიროვნული ჩამოყალიბება განაპირობა. ეს გაკვეთილები ყოველდღიურად მინათებენ გზას.


ვწუხვარ, თუ ბევრი თქვენგანი სასოწარკვეთასა და იმედგაცრუებას განიცდის. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაუსრულებელ გამოწვევებს მოჰყვება თან. არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. დღეს ჩვენს ეროვნულ იდენტობას ებრძვიან, ჩვენი მომავალი ბუნდოვანია და მოქალაქეების ხმის ჩახშობას მავანნი სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. თუმცა თავს უფლებას მივცემ გითხრათ : არსებობს ცვლილებების რწმენა, რომელიც შეუცვლელი ძალაა. უბრალოდ დარწმუნებით უნდა ვიცოდეთ, საით  მივმართოთ ჩვენი მზერა. 

ევროპულ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული განათლების, ინდივიდის უფლებების, ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის მნიშვნელობა.

მაქვს პრივილეგია, ბოლო რვა წლის განმავლობაში განათლება მიმეღო, დავსაქმებულიყავი და მეცხოვრა ევროპის შუაგულში, საფრანგეთში. გააზრებულად ვუწოდებ ამ ყველაფერს პრივილეგიას, რადგან  ჩემი ოჯახის უპირობო მხარდაჭერისა და ქვეყნის იმდროინდელი კურსის სინერგიამ შესაძლებელი გახადა ჩემი ბავშვობის ოცნებისთვის (რაც მალევე იქცა მიზნად) მიმეღწია. ევროპისკენ მიმართულმა გეზმა და გაღებულმა კარმა შესაძლებლობა მომცა საკუთარი თვალით მენახა ცხოვრების განსხვავებული გზა. გავხდი საზოგადოების ნაწილი, რომელიც თავისუფლებას, სამართლიანობასა და ამოუწურავ შესაძლებლობებს აყენებს პრიორიტეტად.

მუდმივად ვდარდობ იმ კონტრასტის გამო, რომელიც აქ, პარიზში ცხოვრებასა და  ჩემ მშობლიურ ქალაქში არსებულ რეალობას შორისაა. თქვენც იცით, ევროპულ კულტურაში პიროვნული განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებია. ევროპულ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული განათლების, ინდივიდის უფლებების, ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის მნიშვნელობა. არსებობს საუკუნეების წინ დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებიც თითოეული მოქალაქის თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას მუდმივად იცავენ. ამ ყველაფერს წლების განმავლობაში დაუღალავი შრომა, საერთო ღირებულებები, ფასეულობები და წინაპართა მონაპოვრის ერთგულება უდევს საფუძვლად. აქ მომავალი ხშირად განიხილება, როგორც შესაძლებლობების უსაზღვრო სერია, რომლის გამოყენებაც ინდივიდის პირად არჩევანზეა დამოკიდებული.


არსებობს მოსაზრება, რომ საკუთარი პოტენციალი თავად გვეკუთვნის. რომ თუ გულმოდგინედ ვიშრომებთ და მიზნისკენ სვლას არ შევწყვეტთ, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც მთელი გულით გვსურს. რა იქნებოდა, ჩემო ძვირფასო მარტვილელებო, ასეთი გარემო მარტვილშიც შეგვექმნა? 


როგორ ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება, სადაც მრავალი შესაძლებლობაა, ხოლო ახალგაზრდების მიზნები - მხარდაჭერილი? იქნებ ყველაფერი მარტვილის მომავალი თაობით იწყება? 


იქნებ თქვენ ხართ ისინი, ვინც ჩვენი ქალაქის, ჩვენი რეგიონისა და  ქვეყნის ისტორიას შეცვლის?  


მოლოდინი იმისა, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი, მთავრობა, ხელისუფლება ან ვინმე სხვა მოგვცემს იმას, რასაც ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, დამეთანხმებით, ფუჭია. ცვლილება თითოეული ჩვენგანისგან მოდის. რწმენის ძალას ჩვენ ვატარებთ, რწმენა ჩვენშია: ინდივიდებში, კოლექტივში, საზოგადოებაში.


წარსულს თუ გადავხედავთ, რომლის წაშლასაც ჩრდილოეთიდან მოვარდნილი ქარიშხალი უშედეგოდ ცდილობს, აღმოვაჩენთ, რომ ტრანსფორმაციის სულისკვეთება მარტვილში ოდითგანვე სუფევდა. ამის ერთერთი ნათელი მაგალითი გიორგი ჭყონდიდელია - ისტორიული ფიგურა, რომელიც, როგორც ჩვენი კუთხის სხვა მრავალი წარმომადგენელი, ღრმა სიმამაცესა და სიბრძნეს ავლენდა. ჭყონდიდელი არ იყო მხოლოდ ლიტერატურისა და ფილოსოფიის მცოდნე ადამიანი, მას სამართლიანობისა და ხალხის ძალის სწამდა. ის მუდამ იბრძოდა სამართლიანი და გონიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. გიორგი ჭყონდიდელის ცოცხალი მემკვიდრეობა დღესაც შეგვახსენებს: ნამდვილი ცვლილება იწყება ერთი, ურყევი რწმენით ხალხის კეთილდღეობისა და ამავე ხალხში არსებული ძალის მიმართ.


ჩვენი კუთხის კიდევ ერთი საამაყო ადამიანი, რომელიც გამძლეობის, ნათელი მომავლის ხედვის სიმბოლოს წარმოადგენს, ამბროს ხელაიაა. ის რევოლუციური ფიგურაა. მან საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა იდეას, რომ ხალხი ერთად უნდა მდგარიყო არსებული გარემოებების შესაცვლელად. ის იყო ერთერთი ხმა, რომელმაც მოუწოდა ქართველ ერს თვითგამორკვევისაკენ. ის დაუღალავად შრომობდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამბროს ხელაიას სჯეროდა: ჩვენი ძალა არ იმალება მმართველების გადაწყვეტილებებში, არამედ ჩვენს საერთო ნებაში, ერთგულებაში ერთმანეთის, ჩვენი წარსულისა და ჩვენი მომავლის მიმართ.


გიორგი ჭყონდიდელსაც და ამბროსი ხელაიასაც კარგად ესმოდათ: ძალა არა ზემოდან ქვემოთ, არამედ თითოეული ჩვენგანიდან, ჩვენი საერთო რწმენისგან, ჩვენი ერთიანობიდან უნდა მოდიოდეს. ორივე მათგანმა იბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის, რომ ვიყოთ საკუთარი ბედის, მომავლის მმართველები. სწორედ მათი მემკვიდრეობა უნდა გვაძლევდეს შთაგონებას რომ ვირწმუნოთ - მომავალი ჩვენს ხელშია!


დიდი სიმამაცე გვჭირდება მოვითხოვოთ ის, რასაც მარტვილი და მარტვილელები ვიმსახურებთ; რომ განსაკუთრებული ძალისხმევა ჩავდოთ განათლების სფეროში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც მხარს დაუჭერს ტალანტს, ნაცვლად იმისა, ბარიკადები აუშენოს ადამიანებს, პროფესიული განვითარების გზაზე. სიმამაცე გვჭირდება რომ ვირწმუნოთ, მარტვილს შეუძლია გახდეს შესაძლებლობების ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს არ დასჭირდებათ უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვა ქალაქში, ან სხვა ქვეყანაში გადაბარგება.


მჯერა, მარტვილს შეუძლია დაამკვიდროს ევროპული ღირებულებები: თანამოქალაქე ინდივიდისადმი პატივისცემა, განათლების აუცილებლობა, მრავალფეროვნების მიმღებლობა, კანონის უზენაესობის რწმენა და გახდეს ტრანსფორმაციის სიმბოლო მთელი ერისთვის. 

მარტვილს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს. მე  მარტვილელი ვარ და ვიცი: ეს არის გული. ამ გულს აქვს ძალა, ყველაფერი გახადოს შესაძლებელი. 

მარტვილელო ახალგაზრდებო, ნუ დაკარგავთ თქვენში არსებულ უსაზღვრო პოტენციალს. იქნებ მსოფლიო თქვენს იდეებს,  შემოქმედებას, კრეატიულობას, თქვენს ხედვას ელოდება!


მარტვილს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს. მე მარტვილელი ვარ და ვიცი: ეს არის გული. ამ გულს აქვს ძალა, ყველაფერი გახადოს შესაძლებელი. ნუ დაელოდებით ცვლილებებს. თავად გახდით ცვლილება.


მე მჯერა თქვენი, მჯერა!


სიყვარულით,


ოთო კვესელავა

ოთო კვესელავა, პიერ კარდენის ჯგუფის პრესისა და კომუნიკაციის მენეჯერი
ოთო კვესელავა, პიერ კარდენის ჯგუფის პრესისა და კომუნიკაციის მენეჯერი

Comments


bottom of page