top of page

"ქსანი 2 ჰესი" აღარ აშენდება - მოსახლეობის აქტიურობამ შედეგი გამოიღო

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Dec 20, 2025
  • 3 min read

Updated: Jan 9

მოქალაქეების წინააღმდეგობის  შედეგად, პროექტი "ქსანი 2 ჰესი" გაუქმდა, "ქსანი 1-ზე" გაცემული ნებართვა კი  რამდენიმე პირობას ითვალისწინებს.  


ჰესების ამბავი მოკლედ: 

“ქსანი 1” და “ქსანი 2” ჰესები 208 მეგავატიანი მტკვრის ჰესების კასკადის ნაწილს წარმოადგენდნენ. სოფელ ქსნის მაცხოვრებლებმა სოფელთან ახლოს ჰესების მშენებლობა  გააპროტესტეს. განსაკუთრებით დამაზიანებლად მათ “ქსანი 2 ჰესი” მიიჩნიეს და გარემოს ეროვნულ სააგენტოში შენიშვნები წერილობითი ფორმითაც გაგზავნეს. 


“ქსანი 2 ჰესის” პროექტში ხარვეზები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამაც" დააფიქსირა.  


"მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეა" განცხადებით გამოეხმაურა ჰესის მშენებლობას. განცხადების მიხედვით, ჰესების აშენების ალტერნატივები სათანადოდ შესწავლილი არ იყო. მათივე თქმით, ეკონომიკური და სოციალური გავლენის შეფასება არასაკმარისი, ხოლო ფინანსური გამჭვირვალობა არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.    

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „ენ-სი ჯგუფმა” “ქსანი 2 ჰესის” განხორციელებაზე უარი თქვა. 2025 წლის 21 ნოემბერს კომპანიამ გარემოს დაცვის სააგენტოს ოფიციალური განცხადებით მიმართა, სადაც “ქსანი 2 ჰესის” არგანხორციელების მიზეზებზე არგუმენტირებულად საუბრობდა და ნებართვას მხოლოდ “ქსანი 1-ის” მშენებლობაზე ითხოვდა: 


“გთხოვთ, შესაძლებლობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცეთ მხოლოდ ქსანი 1 ჰესის პროექტზე” - აღნიშნულია N 11681 განცხადებაში. 

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ "ქსანი 2-ის" გაუქმება მათი მტკიცე წინააღმდეგობის შედეგია.  

 

მოსახლეობის წინააღმდეგობა :

"სოფელ ქსანში მოსახლეობა ძირითადად მდინარე მტკვრის სანაპიროზეა დასახლებული, ეს საკმაოდ მჭიდრო ტერიტორიაა. აქ ჰესის აშენება დაუშვებელია,  მოსახლეობას საფრთხეში აგდებს.  წყლის შეტბორვა საფრთხეს შეუქმნის სოფლის გზას, სასაფლაოს, რამდენიმე უბნის მოსახლეობას. ჰესი, ფაქტობრივად, გაანადგურებს სოფელს. მოსახლეობა სასტიკი წინააღმდეგია, რაც  საჯარო განხილვის დროსაც დააფიქსირეს, ხმამაღალი და არგუმენტირებული პასუხებით".

9 ოქტომბერს, სოფელ ქსანში, მდ. მტკვარზე ”ქსანი ჰესის“ (”ქსანი 1” და ”ქსანი 2“ ჰესების) მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა გაიმართა. 


შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, ჰესების მშენებელი კომპანია შპს "ენ-სი ჯგუფი 2022"-ის დირექტორი გოჩა მუსელიანი, საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგის" გეოლოგები და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  


მოსახლეობამ ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციის პირობებში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. საფრთხეები მდინარეზე წყლის შეტბორვით გამოწვეული წყლის დონის მატებას და მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაზიანებას უკავშირდებოდა.  ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა, "ქსანი 2", რომელიც უშუალოდ დასახლებულ არეალს მიუყვება, მთლიანად დაუსახლებელ ნაწილში გადატანილიყო, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, "ქსანი 2-ის" მშენებლობის განხილვა შეწყვეტილიყო.  

"ჩემს სახლს რომ რამე დაემართოს, ზარალს ვინმე ამინაზღაურებს?!" - აცხადებდა ადგილობრივი.

"ქსანი 2 ჰესის" გაუქმებამ მოსახლეობა დაამშვიდა. თუმცა, ადგილობრივის თქმით, "ქსანი 1" თუ დამაზიანებელი აღმოჩნდება, მოსახლეობა ამ ჰესის მშენებლობასაც შეეწინააღმდეგება:  


"ქსნის მოსახლეობისთვის ჰესის მშენებლობის შესახებ, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვისას გახდა ცნობილი. მოსახლეობისგან გაიგზავნა შენიშვნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის ინიცირების ეტაპზევე, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ის) განხილვა კვლავ ჩატარდა. მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება, საფუძვლიანი არგუმენტებით, წერილის სახით გაეგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მეორედაც. მოსახლეობა ყველაზე კარგად  იცნობს სოფელს და ჰესი, ფაქტობრივად, სოფელს გაანადგურებდა, დაანგრევდა და გააქრობდა. 


მადლობა, ვინც გაითვალისწინა ხალხის აზრი, გადახედეს პროექტს და ,,ქსანი 2" აღარ განხორციელდება. თუმცა, არსებობს პროექტი ,,ქსანი 1". ვიმედოვნებთ, ის ზიანს არ მიაყენებს სოფელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი რეაქცია გარდაუვალია" - აღნიშნავს ადგილობრივი. 

 

რა წერია გადაწყვეტილების დოკუმენტში 

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 9 დეკემბრის №761/ს ბრძანებით” ქსანი 1 ჰესის” შემდეგი  პარამეტრები და ინფრასტრუქტურა დამტკიცდა: 

 

“ქსანი 1 ჰესის” ტექნიკური პარამეტრებია:  

წლიური გამომუშავება: 107.234 მილიონი კვტ. სთ 

კაშხლის სიმაღლე: 4.6 მეტრი 

შეტბორვის ფართობი: 56.5 ჰექტარი 

ეკოლოგიური ხარჯი: 16.3 მ³/წმ 

 

ინფრასტრუქტურა: 

სათავე ნაგებობა კაშხლით 

85 საფეხურიანი თევზსავალი 

5 ტურბინა-გენერატორი 

110 კვ ძაბვის ქვესადგური 

3336 მეტრი ნაპირდამცავი დამბები 

 

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება რამდენიმე მკაცრ პირობას შეიცავს: 

  • ბიომრავალფეროვნების დაცვა: ჭალის ტყის 10 ჰექტარის აღდგენა, დათევზიანების გეგმა, ტყის აღდგენის გეგმა

  • მონიტორინგი: იქთიოფაუნის, ჭალის ტყის, გეოლოგიური პროცესების რეგულარული მონიტორინგი 

  • შეთანხმებები: საჭიროა შეთანხმება რკინიგზასთან, მინერალური რესურსების სააგენტოსთან, სატყეო სააგენტოსთან

  • ატმოსფერული ჰაერი: მონიტორინგის გეგმის შემუშავება და ინსტრუმენტული მონიტორინგი 

 

ამავე ბრძანების მიხედვით, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022"  ვალდებულია: დაიწყოს შეთანხმებები შესაბამის უწყებებთან, მოამზადოს დეტალური მონიტორინგის გეგმები, დაიცვას ყველა გარემოსდაცვითი პირობა და  მშენებლობის დაწყება- დასრულების შესახებ სააგენტოს აცნობოს.  


შეგახსენებთ, რომ მტკვარი ჰესების კასკადი ამჯერად თორმეტი კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობას მოიცავს. ჰესები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანს შორის ტერიტორიაზე განთავსდება.  


გეგმის მიხედვით, მტკვარი ჰესების კასკადი "ქსანი 1 ჰესის", "გრაკალი ჰესის", "სკრა ჰესის", "ქარელი ჰესის", "ურბნისი ჰესის", "გომი 1" და "გომი 2" ჰესების,  "ქვიშხეთი 1" და "ქვიშხეთი 2" ჰესების, "ახალსოფელი ჰესის", "კასპი ჰესისა" და "ოსიაური ჰესის" მშენებლობას ითვალისწინებს.   


პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 100%-ის მფლობელი კოკა კოკოლაშვილია.  


ქსანი ჰესებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ac323df3-9471-4dc4-a465-a4b3090bacf3



Comments


bottom of page