top of page

პირველი მედია-პლატფორმა მცხეთის მუნიციპალიტეტში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 10
  • 1 min read

Updated: Jul 15

“საზოგადოება მცხეთა” წარმოადგენს ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც მოიცავს ბეჭდურ გაზეთს, ვებსაიტს და სოციალურ ქსელს. მისი მიზანია, მცხეთის მუნიციპალიტეტში და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდოს სანდო და დაბალანსებული ინფორმაცია. პლატფორმა ცდილობს გააძლიეროს საზოგადოების ხმა და ასახოს რეგიონის პრობლემები. 


პლატფორმა შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეების ინიციატივით — იმ ადამიანების მიერ, ვისაც ქვეყნის უკეთესი, გამჭვირვალე და ინფორმირებული გარემო სურს.



ინიციატივა გაჩნდა "საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის" ფარგლებში შექმნილი "რეგიონის ინტერესთა ჯგუფის" წევრების შეხვედრებისას. აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს 100-ზე მეტ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად ხედავს ისეთ გამოწვევებს, როგორიც რეგიონებში ადგილობრივი მედიის სუსტი წარმომადგენლობა და ცენტრალური, ტრადიციული მედიის მიკერძოებული, პარტიული ინტერესებია. 

ინფორმაციული ვაკუუმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საზოგადოების გადაწყვეტილებებზე, რაც ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. რეგიონული მედიის შექმნის იდეა სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად გაჩნდა და მისი განხორციელება მოხალისეობრივად დაიწყეს როგორც რეგიონებში, ისე თბილისში მცხოვრებმა ადამიანებმა. 

პლატფორმაზე და გაზეთის კონცეფციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო: ჩატარდა შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან, მომზადდა მიგნებების დოკუმენტი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტის ჩართულობით შეიქმნა კონცეფცია, რომელსაც როგორც ჩვენი ონლაინ სივრცე, ასევე ბეჭდური გამოცემა ეფუძნება. 


„საზოგადოება მცხეთა“ არ არის კომერციული პროექტი. ყველა ადამიანი მოხალისეობრივად, უსასყიდლოდ არის ჩართული სტატიების მომზადების პროცესში. ფინანსური სახსრები მხოლოდ გაზეთის ბეჭდვისთვისაა საჭირო. გაზეთის დასტამბვა მთლიანად მოქალაქეების შემოწირულობებით ხორციელდება. 


დეტალური ინფორმაცია შემოწირულობების, შემომწირველებისა და ხარჯების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გვერდებზე „შემომწირველები“ და „გამჭვირვალობა“. 


პლატფორმის განსაკუთრებულობა არის ის ფაქტი, რომ იგი ცდილობს რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მისცეს სივრცე, გააზიარონ თავიანთი სათქმელი, ისაუბრონ ღიად და უშიშრად საერთო გამოწვევებზე.


გვჯერა, ერთად შევძლებთ გავაძლიეროთ ხმები რეგიონებიდან და შევქმნათ თავისუფალი, სანდო და გამჭვირვალე მედია!


Comments


bottom of page