top of page

"აქ ჰესის აშენება დაუშვებელია, მოსახლეობას საფრთხეში აგდებს" - სოფელი ქსნის მოსახლეობა მდ. მტკვარზე ჰესი "ქსანი 2"-ის აშენების წინააღმდეგია

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 10
  • 2 min read

"სოფელ ქსანში მოსახლეობა ძირითადად მდინარე მტკვრის სანაპიროზეა დასახლებული, ეს საკმაოდ მჭიდრო ტერიტორიაა. აქ ჰესის აშენება დაუშვებელია, მოსახლეობას საფრთხეში აგდებს. წყლის შეტბორვა საფრთხეს შეუქმნის სოფლის გზას, სასაფლაოს, რამდენიმე უბნის მოსახლეობას. ჰესი, ფაქტობრივად, გაანადგურებს სოფელს. მოსახლეობა სასტიკი წინააღმდეგია, რაც საჯარო განხილვის დროსაც დააფიქსირეს, ხმამაღალი და არგუმენტირებული პასუხებით." - აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

9 ოქტომბერს, სოფელ ქსანში, მდ. მტკვარზე ”ქსანი ჰესის“ (”ქსანი 1” და ”ქსანი 2“ ჰესების) მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა გაიმართა.


ree

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, ჰესების მშენებელი კომპანია შპს "ენ-სი ჯგუფი 2022"-ის დირექტორი გოჩა მუსელიანი, საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგის" გეოლოგები და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.


ადგილზე, მოსახლეობამ გააჟღერა ის საფრთხეები, რაც შესაძლოა ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობებში, მათ შეექმნათ. იქნება ეს მდინარეზე წყლის შეტბორვით გამოწვეული წყლის დონის მატება თუ მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაზიანება. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ "ქსანი 2", რომელიც უშუალოდ დასახლებულ არეალს მიუყვება, მთლიანად გადატანილ იქნას დაუსახლებელ ნაწილში, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, შეწყდეს "ქსანი 2"-ის მშენებლობის განხილვაც კი.

"რა გარანტია მაქვს, დროთა განმავლობაში ჩემს სახლს, რომ რამე დაემართოს, ზარალს ვინმე ამინაზღაურებს?!" - აცხადებს ადგილობრივი.

მშენებელი კომპანიის დირექტორის განცხადებით, განიხილავენ მოსახლეობის პოზიციას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეატყობინებენ, რამდენად შესაძლებელი იქნება ჰესის მდებარეობის გადაწევა ძეგვის მიმართულებით.


შეგახსენებთ, რომ „ქსანი ჰესი“ წარმოადგენს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ დაგეგმილი 208 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვრის ჰესების“ კასკადის შემადგენელ ნაწილს.


მტკვარი ჰესების კასკადი მოიცავს ჯამში 13 კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობას. ეს ჰესები განთავსებული იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანს შორის ტერიტორიაზე.


გეგმის მიხედვით, მტკვარი ჰესების კასკადი ითვალისწინებს შემდეგი ჰესების მშენებლობას:

  • კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები „ქსანი 1 ჰესი“ და „ქსანი 2 ჰესი“;

  • კასპის მუნიციპალიტეტი, „გრაკალი ჰესი“;

  • გორის მუნიციპალიტეტი, „სკრა ჰესი“;

  • ქარელის მუნიციპალიტეტი, „ქარელი ჰესი“;

  • ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე „ურბნისი ჰესი“;

  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესები;

  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ქვიშხეთი 1“ და „ქვიშხეთი 2 ჰესები“;

  • ქარელის მუნიციპალიტეტში, „ახალსოფელი ჰესი“;

  • კასპის მუნიციპალიტეტში, „კასპი ჰესი“;

  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ოსიაური ჰესი“.


რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 100%-ის მფლობელია კოკა კოკოლაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა.


ree


Comments