top of page

რატომ გახდა საჭირო საგურამოსა და მიმდებარე სოფლების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება და რას ითვალისწინებს ის?

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 6
  • 2 min read

სივრცის დაგეგმარების გეგმა არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანიც კონკრეტული ტერიტორიის, სივრცის რაციონალური, ეფექტური და ფუნქციური გამოყენებაა, არსებული რესურსებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. შესაბამისად,  სივრცითი დაგეგმარების გეგმა უნდა პასუხობდეს სამ ძირითად პრინციპს: მოწესრიგება, განვითარება და უზრუნველყოფა.


საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის  შემუშავების პროცესი უკვე 2 წელია მიმდინარეობს და 2025 წლის აგვისტოს იყო მისი საბოლოო ვერსიის საჯარო წარდგენა. 


აღნიშნული პროექტის დამკვეთია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ხოლო შემსრულებელი ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“.


პროექტთან დაკავშირებით კითხვები ურბანისტს, პროექტის კოორდინატორს ოთარ მჭედლიშვილს დავუსვით.


  • რა გახდა მიზეზი, რომ შემუშავდა საგურამოს სივრცითი დაგეგმარების გეგმა?


საგურამოს ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა არსებულმა და მზარდმა ქაოტურმა განაშენიანებამ. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ, მშენებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დასახლება თითქმის ორჯერ გაფართოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულაციების გარეშე პროცესმა შესაძლოა კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს. საჭირო გახდა გარკვეული ჩარჩოების შემოღება, რომელიც ამ განაშენიანებას მისცემდა სწორ მიმართულებას, რათა 20-30 წლის შემდეგ არ მივიღოთ უარყოფითი სურათი და საგურამო დარჩეს საცხოვრებლად ვარგის ადგილად.


მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მაგისტრალის გაყვანა, რაც საგურამოს ხელმისაწვდომობას გაზრდის და განაშენიანების ტემპსაც კიდევ უფრო დააჩქარებს, რაც ასევე საჭიროებს რეგულირებას.


მესამე საკითხი უკავშირდება თბილისის წყლის რეზერვუარებსა და თბილისის ეროვნულ პარკს. მზარდი განაშენიანების პირობებში მათზე ზეგავლენის შეფასებაც ჩვენი ყურადღების საგანი გახდა, რაც ასახულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტში.


  • რა ტერიტორიებს მოიცავს ეს გეგმა? 


გეგმა მოიცავს ორი მუნიციპალიტეტის ნაწილს – მცხეთისა და დუშეთის. მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ის მოიცავს საგურამოსა და მის მიმდებარე 13 დასახლებულ პუნქტს მდინარე თეზამის ხეობაში, რომლის ბოლო დასახლებული პუნქტია ჭილაანთკარი. დუშეთის მუნიციპალიტეტიდან კი ორი სოფელი შედის გეგმაში: ჭოპორტი და ახატანი.


  • რას გულისხმობს დაგეგმარების გეგმა? ეხება თუ არა ის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს? მაგალითად, მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს, რაც პროექტის საჯარო განხილვის დროსაც ადგილობრივებმა წამოჭრეს.


გეგმა ნაწილობრივ ეხება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, თუმცა, მათი გადაწყვეტა პოლიტიკურ დონეზეა და არა უშუალოდ დაგეგმარების პროცესში. ეს დოკუმენტი არ განსაზღვრავს კონკრეტული გზის დაგებას ან წყლის სისტემის აშენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ გზების მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. დოკუმენტში, ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი დერეფნები. ანუ ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ქმნის შემდგომი განვითარების საფუძველსა და წინაპირობებს.


  • როდის შევა ეს დოკუმენტი ძალაში და რა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივებმა?


დოკუმენტს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს, ის საჯაროა და გადაგზავნილია მცხეთის მერიაში. ვიმედოვნებთ, რომ მალე დამტკიცდება. ამ ეტაპზე ველოდებით სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დასრულებას. ზეგავლენების შეფასების შემდეგ, მცხეთის საკრებულოს შეეძლება მისი დამტკიცება.



დოკუმენტი არის საჯარო და მისი დეტალური გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია აქ:  https://drive.google.com/drive/folders/1i5n1jv0yf-kZwQ7tEd5uPlwPtLaPpq9a 


საგურამოს გეგმარებითი არეალის განსახლების არსებული, პერსპექტიული სტრუქტურისა და სივრცითი კატეგორიის რუკა
საგურამოს გეგმარებითი არეალის განსახლების არსებული, პერსპექტიული სტრუქტურისა და სივრცითი კატეგორიის რუკა

Comments


bottom of page