top of page

როგორ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები და როგორია სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა - იურისტ ლილი ბეგიაშვილის ანალიზი და რჩევები მოქალაქეებს

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Sep 30
  • 6 min read

Updated: Oct 6

“ქართული ოცნების” მზადება 2021 წლიდან დაიწყო, 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად.

“ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად 2021 წლიდან ემზადებოდა" - ამბობს “საზოგადოება - მცხეთასთან” საუბრისას იურისტი ლილი ბეგიაშვილი და განმარტავს, რომ ამ გაყალბების კვალი კანონმდებლობაში მკაფიოდაა ასახული. მისივე თქმით, ცვლილებები დროში გაწელილი, დანაწევრებული იყო, რათა გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო საბოლოო მიზანი და არჩევნების გაყალბების სქემა. აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად იურისტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების მიზნით ჩასატარებელ წილისყრას ასახელებს: 


“ეს წესი 2001 წლიდან უცვლელად  ნარჩუნდებოდა საარჩევნო კოდექსში. რადგან რეალურად, წილისყრით ფუნქციების განაწილების მიზანი და დანიშნულებაა, რომ არჩევნების დღემდე არავინ იცოდეს, თუ რომელ ფუნქციას შეასრულებს მთელი დღის მანძილზე, რათა ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბების სქემების ამოქმედება”- ამბობს ლილი ბეგიაშვილი და აგრძელებს:


"ქართულმა ოცნებამ" სწორედ წილისყრის წესის რღვევა დაიწყო 2021 წლიდან და 2024 წლის აგვისტომდე განხორციელებული ოთხი სხვადასხვა ცვლილებით, მთლიანად თავის ინტერესებზე მოირგო წილისყრის წესი. ამან, სხვა მრავალ მექანიზმთან ერთად, მას საშუალება მისცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიეტაცებინა. აღნიშნულის გამოვლინება იყო არჩევნების თარიღამდე 7 დღით ადრე გამოვლენილი რეგისტრატორები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე იყვნენ "ქართული ოცნების" შტაბებთან და კაპიტნებთან, ხოლო "საარჩევნო კარუსელებში" მონაწილე პირები პირდაპირ შესაბამის რეგისტრატორებთან მიდიოდნენ რეგისტრაციის მიზნით” - განმარტავს ჩვენი რესპონდენტი.  


პროფესიით იურისტი, სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი ლილი ბეგიაშვილი საქარველოს საზოგადოებრივ ასამბლეას დაფუძნებისთანავე შეუერთდა. ის ადვოკატებისა და იურისტების ინტერეს ჯგუფის წევრია. 


არჩევნების თემაზე მუშაობა კი, როგორც თავად აღნიშნავს, იმ  უსამართლობამ და ტოტალურმა გაყალბებამ გადააწყვეტინა, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი თვალით ნახა და რაც არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა: საოლქო საარჩევნო კომისიებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა თუ სასამართლოებში; 


ამ პროცესმა მკაფიოდ დაანახა, თუ როგორაა მიტაცებული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ ყველა სახელმწიფო ორგანო და სასამართლო;  რამდენად დაუცველია საქართველოს თითოეული მოქალაქე. ამ სისტემური უსამართლობის “გვირგვინად” ლილი ბეგიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განიხილავს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელები წარმოებაში არ მიიღო. 


საკონსტიტუციო სასამართლომ არც კი იმსჯელა გაყალებებული და მიტაცებული არჩევნების შესახებ. ამ მოვლენას ლილი ბეგიაშვილი აფასებს როგორც დასტურს, რომ საქართველოში არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ორგანო და სასამართლო ინსტანცია, რომელშიც ადამიანი სამართლიანობას მიაღწევს. 


“სწორედ ამ სურათმა გადამაწყვეტინა, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი არც ერთი წამი და მებრძოლა, როგორც შემეძლო”- გვეუბნება იურისტი და საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა თუ არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად თავმოყრილ დაკვირვებებს, შექმნილი დოკუმენტის ძირითად აქცენტებსა და რჩევებს გვიზიარებს. 


ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ არჩევნების თემაზე ჯგუფმა მუშაობა 2025 წლის მარტის მიწურულს დაიწყო. რამდენიმეთვიანი  პროცესი სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს მოიცავდა. 

შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს საარჩევნო პროცედურებისა და   დებულებების ცვლილება, რის შედეგადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. რაც, ცხადია, არჩევნების გაყალბებასა და მისი შედეგების მიტაცების შესაძლებლობას გამორიცხავს.

აღნიშნულ დოკუმენტზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი ასამბლეის ფარგლებში შექმნილი  გუნდი მუშაობდა. გუნდში მოხალისეობრივად საქმიანობდნენ: 


  • ასამბლეის ადვოკატებისა და იურისტების ინტერეს-ჯგუფის წევრები,

  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ჯგუფების წარმომადგენლები,

  • საკითხით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები. 


“ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების აბსურდულობა:


“დღეის მდგომარეობით, საქართველოში აღარ გვაქვს არც რეალობა და არც საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არჩევნების, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტისთვის აუცილებელი ინსტიტუტის არსებობას უზრუნველყოფს” - ამბობს ლილი ბეგიაშვილი. 


“საარჩევნო კოდექსი და პროცედურები ისე დაამახინჯა "ქართულმა ოცნებამ", შეუძლებელია დადგეს არჩევნების ობიექტური შედეგები. 


მაგალითად, ფაქტობრივად, გაუქმებულია არჩევნებზე დაკვირვების მექანიზმი; არც დამკვირვებელს და არც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღარ აქვს უფლება, გააჩეროს საარჩევნო უბანში შესული პირი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს და გადაამოწმოს მისი ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 


არადა, ამ უფლების გარეშე, როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო უბანზე მოსული ყველა პირი ნამდვილად იყო იმ უბნის ამომრჩეველი და ჰქონდა უფლება, ხმა მიეცა რომელიმე საარჩევნო სუბიექტისთვის?


ასევე შეუძლებელია, უბანზე შემოსული პირის გაჩერება და მის ხელებზე მარკირების კვალის გადამოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. "საარჩევნო კარუსელებში" მონაწილე პირები დაუბრკოლებლად შეძლებენ იმდენ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას, რამდენიც მათ მოესურვებათ. "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის გაზაფხულზე იმდაგვარად შეცვალა საარჩევნო პროცედურები, რომ დამკვირვებლებსა და პარტიების წარმომადგენლებს აუკრძალა უბანზე მოსული ასეთი პირების გადამოწმება. 


ამას დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების ძალით, არჩევნების დღეს ძალიან გამარტივებულია დამკვირვებლებისა და პარტიების წარმომადგენლების გაძევება უბნიდან. ეს იმაში ვლინდება, რომ როგორც კი დამკვირვებელი/პარტიის წარმომადგენელი აფიქსირებს დარღვევას, იღებს ვიდეოს, ან წერს საჩივარს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ აძევებს მათ უბნიდან. 


ალბათ, მარტივი წარმოსადგენია, როგორ გაგრძელდება საარჩევნო პროცესი მას შემდეგ, რაც არასასურველ დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს მოიცილებენ უბნიდან. 

ამდენად, დღეისათვის არსებული საარჩევნო გარემო ბევრად უფრო დამძიმებული და გაუარესებულია, ვიდრე ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო. შესაბამისად, სრულიად განჭვრეტადია, რომ გაყალბების მასშტაბიც გაცილებით ფართო იქნება.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მეორე რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა სწორი არაა. სწორი და აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის გაერთიანება და ერთიანი ძალებით ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და მისი მიღწევა”- ამბობს იურისტი. 


მძიმე მდგომარეობა რეგიონებში. მიზეზები - რატომ ყალბდება არჩევნები უფრო მარტივად რეგიონებში?


ლილი ბეგიაშვილის თქმით, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები საკუთარ უფლებებსა თუ კანონმდებლობაში გასარკვევად რთულად იცლიან: 

“ისინი უფრო მეტად არიან დამოკიდებული ადგილობრივ ხელისუფლებაზე და სახელისუფლებო პარტიაზე. მათ ჰგონიათ, რომ სოციალური დახმარება თუ პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მათთვის მმართველი პარტიის მხრიდან გამოვლენილი კეთილი ნებაა. 


სინამდვილეში, ეს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული კუთვნილი ხარჯია. ამ ხარჯის წყარო საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებია. 


სამწუხაროდ, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები უფრო მარტივად ექვემდებარებიან მმართველი პარტიის/ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარას, რომ დაკარგავენ სამსახურს, ხელფასს, სოციალურ შემწეობას; არ დაუფინანსდებათ ჯანდაცვის ხარჯი და ვერ ისარგებლებენ სხვა დახმარებებით. 


ასეთი მდგომარეობა ლოგიკურია, რადგან სწორედ მმართველი პარტიის ამ წარმომადგენლების ხელშია თავმოყრილი ძალაფლება და მათ მუქარას რეალური ხასიათი აქვს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მოქალაქეები პირისპირ რჩებიან და მოწყვლადი ხდებიან ასეთი ზეწოლის მიმართ”- აღნიშნავს ლილი ბეგიაშვილი და ჩვენს მკითხველსა თუ მოსახლეობას შეახსენებს: 


“ხელფასები, სამსახურები, სოციალური შემწეობები და დახმარებები - ეს არაა "ქართული ოცნების" ან რომელიმე ხელისუფალის კეთილი ნება და მოწყალება; თუ მუშაობ - ხელფასი გეკუთვნის კანონის ძალით და არა რომელიმე თანამდებობის პირის კეთილი ნებით; სოციალურად დაუცველი თუ ხარ - სოციალური შემწეობა გეკუთვნის საქართველოს მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიდან და არა რომელიმე თანამდებობის პირის კეთილი ნებითა და გაღებული მოწყალების ძალით; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ გიფინანსებენ ოპერაციას ან მკურნალობას - ეს თანხებიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა და არა ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯიბეებიდან; ასე რომ თქვენ არ ხართ ვალში "ქართულ ოცნებასთან" / ნებისმიერ ხელისუფლებასთან - ეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში  გადახდილი გადასახადებისგან გიფინანსდებათ.

ვისურვებდი, რომ რეგიონში თუ სოფლად მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს გაეხსენებინა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ემსახუროს. რათა შექმნან მოქალაქეთა ცხოვრებისათვის საუკეთესო გარემო. ააშენონ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს კი არ დაემუქრებიან ან მმართველი პარტიის გაფერადებას/შემოხაზვას აიძულებენ არჩევნებზე, არამედ მოქალაქეთა უფლებებსა და ინტერესებს დაიცავენ და გაითვალისწინებენ. 


ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ აიმაღლოს ხმა და მოითხოვოს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა - რადგან ყველა სახელმწიფო ორგანო და ყველა თანამდებობის პირი იმისთვის არსებობს, რომ თითოეულ მოქალაქეს ემსახუროს. 


ნებისმიერი ფორმის ზეწოლა და დაშინება არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ასეთი დანაშაულებრივი აქტების განმახორციელებელი ნებისმიერი პირი მკაცრად უნდა დაისაჯოს” - ამბობს იურისტი. 


როგორ ყალბდება არჩევნები:


“საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილში სრულიად ადეკვატურადაა გააზრებული, თუ როგორ გააყალბა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები” - ამბობს ლილი ბეგიაშვილი. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილში დამოკიდებულება სხვაგვარია: 


“საზოგადოების დიდ ნაწილში არ არსებობს სათანადო აღქმა იმისა, რომ არჩევნების გაყალბება მხოლოდ კენჭისყრის დღეს არ ხდება. სინამდვილეში, გაყალბება იწყება არჩევნების თარიღამდე რამდენიმე წლითა და თვით ადრე: 

სოციალურად დაუცევლთა სიაში შეყვანით; დასაქმების პროგრამებში ჩართვით; სსიპებსა და აიპებში დასაქმებით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებით; ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსებით; მსჯავრდებული ოჯახის წევრისათვის სასჯელის შემცირების დაპირებით; მართვის უფლების დაბრუნების დაბრუნებით და ა.შ. 

არჩევნების გაყალბება შემდეგ გრძელდება  ყველა ამ პირისთვის  თხოვნით, მოთხოვნით, დამუქრებით, რომ დაკარგავენ სამსახურს, სოციალურ შემწეობას და ა.შ. თუ არჩევნებზე მმართველ პარტიას არ შემოხაზავენ. 


ასევე, არჩევნების გაყალბებაა, თუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ან დღით ადრე დაგავალებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიების მიტანას, ან მათი პირადი ნომრების ჩამოწერას; არჩევნების გაყალებებაა, თუ არჩევნებამდე ჩამოგართმევენ პირადობის მოწმობას, ან თუ მხოლოდ რამდენიმე დღით გთხოვენ მის გადაცემას. არჩევნების გაყალბებაა, თუ ანაზღაურებას შემოგთავაზებენ იმის სანაცვლოდ, რომ კენჭისყრის დღეს რამდენიმე უბანზე მიგიყვანონ და სხვადასხვა მოქალაქეების სანაცვლოდ მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.


არჩევნების გაყალბებაა, თუ მარკირების სითხეს არ დაგასხამენ ხელზე და შემდეგ, სხვა უბანზეც მოგცემენ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობას. 

ყველაფერი ეს არის არჩევნების გაყალბება და ამდენად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხდება არჩევნებამდე 1 წლით ადრე, თუ ზუსტად კენჭისყრის დღეს. 

ყველა ეს ქმედება ერთიანობაში არჩევნების შედეგების დამახინჯებასა და მიტაცებას ემსახურება”- ამბობს ლილი და კიდევ აზუსტებს: 


“არჩევნების გაყალბება მაშინ ხდება, თუ (ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის მიზნით), რომელიმე ჩამოთვლილ ქმედებას დაინახავთ: 

  • სამსახურში თუ იმიტომ გტოვებენ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭიროთ არჩევნებზე მხარი - ეს უკვე გაყალებებაა;

  • სოციალურ დახმარებას იმიტომ გინიშავენ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭიროთ არჩევნებზე მხარი - ეს უკვე გაყალებებაა;

  • ოპერაცია იმიტომ დაგიფინანსეს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭუროთ არჩევნებზე მხარი - ეს უკვე გაყალებებაა; 

  • თქვენი ოჯახის მსჯავრდებულ წევრს იმიტომ შეუმცირეს სასჯელი, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭიროთ არჩევნებზე მხარი - ეს უკვე გაყალებებაა. 


როცა რაიმეს სანაცვლოდ გაიძულებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემას, ანუ საშუალებას არ გაძლევენ ის აირჩიოთ, ვინც სინამდვილეში მოგწონთ - ეს არის არჩევნების გაყალბება”. 


არჩევნების თემაზე ჩატარებული კვლევის მიზანი, შექმნილი დოკუმენტის არსი და პერსპექტივები:

ლილი ბეგიაშვილის თქმით, მიზანი საზოგადოების სხვადასხვა წრეებისთვის ღია დოკუმენტისა და ინფორმაციის შექმნა იყო. ამ დოკუმენტს დაეყრდნობოდა ერთიანი და გაზიარებული სამომავლო მოდელის შემუშავებაც: 


სწორედ ამ მიზნით ვიწვევდით ყველა პოლიტიკურ ძალასა თუ საზოგადოებრივ ჯგუფს პროცესში მონაწილეობისთვის. კვლევაც და სამომავლო მოდელის დოკუმენტები, ასევე, გავუზიარეთ საქართველოში აკრედიტებულ წარმომადგენლობებს, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ იცოდეს, რომ არსებობს მრავალმხრივი ჩართულობით შემუშავებული მზა დოკუმენტი. 

მის გარშემო მობილიზების შემთხვევაში, საზოგადოება მიაღწევს ახალ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, რომელშიც სათანადოდ აისახება თითოეული ამომრჩევლის თავისუფალი ნება, ხოლო გამოცხადებული შედეგები დაიმსახურებს მთელი ქართული საზოგადოების უპირობო ნდობას”- აღნიშნავს იურისტი. 


შეკითხვაზე, როგორ ხედავს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს, ლილი ბეგიაშვილი საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გვპასუხობს: 


“მხოლოდ ერთიანი საზოგადოებრივი მოთხოვნის ფორმირების გზით, რომელიც არ დაუტოვებს "ქართულ ოცნებას" სხვა არჩევანს, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა. მეტი მობილიზების, გაერთიანების, ორგანიზების გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 


სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ახალი და სამართლიანი არჩევნების მოდელის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღვწერთ, თუ დღეს არსებული პროცედურა როგორ უნდა შეიცვალოს ისე, რომ ამომრჩეველმა დაცულად იგრძნოს თავი და მიეცეს საშუალება, მუქარის, ზეწოლის გარეშე გამოავლინოს საკუთრი თავისუფალი ნება; როგორ უნდა გადამოწმდეს მონაცემები და შეჯამდეს კენჭისყრის შედეგები ისე, რომ მმართველმა პარტიამ  არჩევნების შედეგების მითვისება და გაყალბება ვერ შეძლოს. 


ცხადია, "ქართული ოცნება" ამას საკუთარი ნებით არ გააკეთებს. მის წარმომადგენლებს სამუდამოდ სურთ ხელისუფლებაში დარჩენა და სწორედ ამიტომ გააუქმეს არჩევნების ინსტიტუტი. 


ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ვალდებულებაა, ყველა ძალისხმევას მივმართოთ და მივაღწიოთ სამართლიან, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს ამ ქვეყანაში. 


ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, გვექნება თუ არა ქართული სახელმწიფო, რომელსაც მომავალ თაობებს დავუტოვებთ”.


ფოტო: პუბლიკა
ფოტო: პუბლიკა

Comments


bottom of page