top of page

“საუკუნეების განმავლობაში სწორედ რწმენამ გადაგვარჩინა. რწმენამ, რომ გვაქვს უფლება - ვიარსებოთ, რომ თუ ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, აუცილებლად გადავრჩებით” - ირაკლი ფიფია

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 15
  • 6 min read

Updated: Jun 28


ეს ინტერვიუ ირაკლი ფიფიასთან 2025 წლის 9 აპრილს, საღამოს 6 საათისკენ, ქაშვეთის ეზოში ჩაიწერა. ამ დღეს, მომიტინგეებმა, სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად, მთელი ღამე 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალთან გაათენეს.   


 - სამი თვის წინ თქვენ დაგაკავეს. გავრცელდა ინფორმაცია თქვენი არაკონინიერი ჩხრეკისა და თქვენ მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ. ახლა როგორ გრძნობთ თავს ფიზიკურად, მენტალურად...


- სიმართლე გითხრათ, ფიზიკურად დავიღალე. მაგრამ ვიცი, ჯიუტად უნდა მივყვე საქმეს და ახლა დაღლაზე ფიქრის დრო არაა. აი ხომ არის, ვენახი რომ გაქვს მოსამზადებელი და იცი, შემოდგომაზე მოსავალს მოიწევ. დღეს თუ აქ არ ვიდგები, ხვალ ქვეყანა არ მექნება. ამიტომ, მიუხედავად ფიზიკური დაღლილობისა, გაჩერებას არ ვაპირებ. ვცდილობ მხნედ ვიყო, უიმედობას არ მივეცე. აპათიისთვის არც დრო მაქვს, არც - მიზეზი. პროცესი ნელა მიდის მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი ნაბიჯებით ვითარდება. ბევრ სასიკეთო ძვრებს ვხედავ როგორც მეცნიერი და იმედიანად ვარ. 


- სასიკეთო ძვრებთან დაკავშირებით მოგვიანებით გკითხავთ. ახლა კი გთხოვთ, დეკემბრის ამბები გავიხსენოთ. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ დაგაკავეს, სასტიკად გცემეს, გაგჩხრიკეს.


აქციებზე დიდი ხანია ვდგავარ. იყო პერიოდი, როცა ვცდილობდი პოლიციისთვის ამეხსნა რომ პარტიის მორჩილება და პარტიის დავალებების შესრულება კი არ არის მათი საქმიანობა, არამედ - ქვეყნის ინტერესების დაცვა. ყოველდღე ამას ვუხსნიდი აქციებზე დგომისას. პოლიციელები დუმდნენ, ან იცინოდნენ და მერე გვარბევდნენ. იმ დღეს, 2 დეკემბერს ვიდექი და ვფიქრობდი, შერცხვებოდათ თუ არა რომ წინა დღეებში გვარბიეს, მე კი ისევ მივედი და ვიდექი. 

“მე ვინც დამაკავა, ფიზიკურად ბევრად დიდი იყო ჩემზე. შემბოჭა, ამწია და კორდონის მიღმა შემათრია. იქ უკვე დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება, დაცინვა..”

დარბევები 12 საათისკენ იწყებოდა ხოლმე. მე ცოტა ადრე მიწევდა წასვლა ჩემი საქმიანობის გამო. ლექტორი ვარ. სტუდენტებთან მოუმზადებელი ვერ მიხვალ. ამიტომ ყოველდღიურად ვსწავლობდი და მათთან შესახვედრად ვემზადებოდი. 


2 დეკემბერს დარბევა უფრო ადრე დაიწყო. პოლიციელების კორდონი გაიწია, წამოვიდნენ შავებში ჩაცმული პიროვნებები და დაიწყეს მომიტინგეების ჩამოდენა “თბილისი მერიოტთან”. მეც ჩამოვყევი დინებას და დავდექით. ჩემ გვერდით სულ ლექტორები, პროფესორები იდგნენ (იმ დღეს ლექტორების მარში იყო). ჩვენ შორის იყვნენ: ფილოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ტრავმატოლოგები…ადამიანები, რომელბიც ყოველდღე ცოდნას აზიარებენ, ახალგაზრდების განათლებას ემსახურებიან. უეცრად პოლიცილების რაზმს ასე, ათ კაციანი ჯგუფი გამოეყო, გამოიქცნენ ჩვენკენ და ორი ადამიანი აგვიყვანეს. მე ვინც დამაკავა ფიზიკურად ბევრად დიდი იყო ჩემზე. შემბოჭა, ამწია და კორდონის მიღმა შემათრია. იქ უკვე დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება, დაცინვა. აბა ახლა ყველაფერი ამოცალე ჯიბიდან - მითხრეს დამცინავად. 


ზურგჩანთა მეკიდა რომელშიც სტუდენტების ნაწერები იყო, ტექსტები, კალმები და სხვა სამუშაო მასალა. ასევე, ჯიბეში მედო ფარანი - მაშინ ჯერ არ იყო აკრძალული ნივთი. დაიწყო ჩვეულებრივი დაყაჩაღება. ეს არ იყო ნივთმტკიცების ამოღება ან რაიმე მსგავსი. ნიღბიანი ბიჭი ჯიბიდან ნივთებს მაცლიდა და პირდაპირ თავის ჯიბეში ილაგებდა. ერთი ძალიან უცნაური მომენტი იყო - ფანარი რომ ამოიღო შეხედა და, ვა, რა მაგარი რამეაო, ისე გაეხარდა როგორც ბავშვს მონატრებული საჩუქრის ნახვა. მისთვის ეს იყო ფუფუნება, ნადავლი და საერთოდ არ აღელვებდა რომ ის სამართალდამცავი იყო. ამავე დროს, წრეში ვყავდი მოქცეული და მირტყამდნენ. ძირითადად სახის არეში. ხელებზეც, ფერდებშიც მირტყამდნენ მაგრამ იმდენად არ მტკიოდა - ზამთარი იყო, პალტო მეცვა თექის. 


ყველაფერი წამართვეს: ზურგჩანთა, მობილური, საფულე, საბუთები… როგორც კი “გავსუფთავდი”, გააღეს იქვე მდგარი მიკროავტობუსის კარი და შიგნით შემაგდეს. მიკროავტობუსი თითქმის სავსე იყო დაკავებულებით. შიგნით კუსტარულად დამზადებული რკინის სკამები იყო. ჩამოვჯექი. დაკავებულებს გამოველაპარაკე. ისინიც ლექტორები იყვნენ და ზრდილობიანად ვესალამებოდით კოლეგები ერთმანეთს. მიკროავტობუსს ორი კარი ჰქონდა. დროდადრო ეს კარები იღებოდა, შემოდიოდა ნიღბიანი ადამიანი და იწყებდა ჩვენს ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათი მთავარი მიზანი ჩვენი დაშინება იყო. “კიდე მოხვალ აქციაზე? აბა, რა გინდა აქციაზე” - ასე გვირტყამდნენ სახეში. როგორც ჩანს, გაფრთხილებულები იყვნენ რომ ჩვენი სახეები დაეზიანებინათ. თუ ვინმე კოლეგის დაცვას გაბედავდა, ამაზე მძაფრად რეაგირებდნენ და დასისხლიანებამდე გვირტყამდნენ. ვინმეს გამოესარჩლებოდი თუ საკუთარ თავს დაიცავდი, უფრო მკაცრად გისწორდებოდნენ. 

“საუკუნეების განმავლობაში სწორედ რწმენამ გადაგვარჩინა. რწმენამ, რომ გვაქვს უფლება - ვიარსებოთ, რომ თუ ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, აუცილებლად გადავრჩებით”.

შემოდიოდა ადამიანი, იწყებდა ჩვენს ცემას, მერე იღებდა ნაცემი ადამიანის სახის ფოტოს და სადღაც “ჩატში” გზავნიდა. ალბათ ამ ფოტოების მიხედვით ეწერებოდათ მერე პრემიები. აქციის წევრებზე რომ ამბობენ ხოლმე, ფულებს იღებენო, თავად არიან ასეთები. ის ფოტოები სჭირდებოდათ როგორც ფაქტი რომ მერე პრემია დაერიცხოთ, მაგალითად, 200 ლარი. გავრცელდა ინფორმაცია, ყველას შეუძლია გადაამოწმოს რომ დეკემბრიდან მარტის ბოლომდე ყველაზე მეტი სამსახურეობრივი პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ანუ პოლიციამ - ჩვენს ცემაში. როგორც მეცნიერმა ვიცი რომ ასეთ დროს ყველანაირად ცდილობენ ადამიანის სახე დაგაკარგინონ. ვცდილობდი მე ეს არ დამმართნოდა. ამის გამო ლოცვა დავიწყე. სახეში იმდენი მირტყეს, ტუჩი მქონდა გახეული, ვერ ვლაპარაკობდი თუმცა ჩუმად ლოცვა ხომ შემეძლო. შემდეგი ნიღბიანი, შავებში ჩაცმული ყმაწვილი რომ შემოვიდა, ვერ მიხვდა რას ვაკეთებდი. მომაყურადა და როცა მიხვდა ვლოცულობდი, უფრო გამწარებით დამიწყო ცემა-ტყეპა. თან გაჰყვიროდა: “გიშველა შენმა ლოცვამ, გიშველა?” 


კი, მე იმ ლოცვამ გადამარჩინა. მართალია ლოცვის გამო იმ ადამიანისგან მეტად დავისაჯე, და მეტად მცემეს, მაგრამ ვიცი რომ მართალი ვარ. ცოდვა არ ჩამიდენია. ის ადამიანი თავად ვერ მოისვენებს. მოეწევა ეს ცოდვა. 


ჩვენ ამ ქვეყნის ნაწილი ვართ, ამ სამყაროს ნაწილი და საუკუნეების განმავლობაში სწორედ რწმენამ გადაგვარჩინა. რწმენამ, რომ გვაქვს უფლება ვიარსებოთ, რომ თუ ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, აუცილებლად გადავრჩებით. დღესაც ვდგავართ და გვწამს რომ რასაც ვაკეთებთ სწორია. მნიშვნელობა არ აქვს გვაწამებენ, გვცემენ, შეურაცხყოფას მოგვაყენებენ თუ შეგვაფურთხებენ ( დღეს იყო შემთხვევა, მოგზავნილი კაცი აფურთხებდა ქალებს), მე მაინც აქ ვიდგები, ჩემი ნაცემი, ნაწამები, შეურაცხყოფილი თანამებრძოლების გვერდით. ქვეყნის ღალატი კი არავის შერჩება. “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი” - ჩვენ ეს ვიცით.


- მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ხართ. დღესაც, 9 აპრილს, სწორედ აქციაზე გნახეთ ინტერვიუსთვის. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, დაარბია. 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 21 ადამიანი დაგვეღუპა. 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების მემორიალთან დღეს სწორედ ამ ადამიანების ფოტოებია. მოქალაქეები გმირების სურათებს ყვავილებით ამკობენ, სანთელს ანთებენ. ამ მემორიალთან გაათენეს “ოცნების” მიერ დაპატიმრებული სინდისის ტყვეების მშობლებმა თუ ოჯახის წევრებმა წუხანდელი ღამე. მათთან ერთად იყავით და ახლაც დგახართ. რატომ არის საჭირო დღესაც, თავისუფლებისთვის ბრძოლა? 


- მაშინ ბავშვი ვიყავი. მახსოვს, 10 აპრილს, სისხამ დილით მამამ მანქანაში ჩაგვსხა მე და დედა. იძულებულები ვიყავით თბილისს გავცლოდით. ქალაქში ჯარი იყო შემოყვანილი. ჩემი ოჯახის წევრები აქ იდგნენ 9 აპრილს. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ამდენი წლის შემდეგ, ისევ მომიწევდა მათი ბრძოლის გაგრძელება, მათ მიერ დაწყებული საქმეების დაცვა. ალბათ ყველა თაობას თავისი ტვირთი აქვს სატარებელი. სამოქალაქო ერის დაბადებას დრო სჭირდება. ორი რამ მინდა აღვნიშნო. პირველი: დემოკრატიის მშენებლობა რთული პროცესია. საკუთარი მონაპოვარი ყოველდღიურად უნდა დავიცვათ. სოფელში, ქალაქში, ქარხანაში - თუ ყოველდღიურად არ დავიცავთ თავისუფლებას, მაშინვე დავკარგავთ მას. მეორე: როგორი ძლიერიც უნდა იყოს რუსეთის იმპერია, არასდროს დავნებდები და არ მივცემ ჩემი ქვეყნის გაუპატიურების უფლებას. ეს არის თავისუფლება. თავისუფლებას არავინ განიჭებს. ეს შინაგანი მდგომარეობაა და მას მუდმივი დაცვა სჭირდება. 


ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ამომრჩევლების დიდი ნაწილი დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა იყო. ეს კარგად იცოდა “ქართულმა ოცნებამ”, პარტიამ, რეჟიმმა. სწორედ ამიტომ შეეცადნენ გაეყალბებინათ და გააყალბეს კიდეც ამხელა მასშტაბებით. სხვანაირად ვერ შეძლებდნენ ამ თაობის გაჩუმებას. ტირანია, დესპოტიზმი, ცემა, წამება, დაშინება, სამსახურებიდან გაგდება - ყველაფერს კადრულობენ რადგან სხვა გზა არ აქვთ. 


დედაჩემისგან მომისმენია რომ მშობლებმა ჩუმად, ღამით მონათლეს ილორში. ისინი ორივე საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ. ეს ამბავი რომ სისტემას გაეგო, რთული ბედი ეწეოდათ. მიუხედავად ამისა, მათ წინაპრების ჩვევას, ტრადიციას სცეს პატივი და ილორში ჩუმად მონათლეს დედაჩემი. ეს მათი სულიერი სიმშვიდისთვის იყო მნიშვნელოვანი. იცოდნენ, ეს იყო მაქსიმუმი იმ წინააღმდეგობისა, რისი გაწევაც იმ მოცემულობაში შეეძლოთ. ჩემმა ბებია-ბაბუამ უკანონობა ჩაიდინა. ჩვენ ვიცით რომ იმ პერიოდში საბჭოთა სისტემა რელიგიას კრძალავდა. ღმერთი აკრძალული იყო. ხელებზე ენდროს სიწითლეს თუ შენიშნავდნენ, ბავშვებს ურტყამდნენ ხოლმე, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. მაგრამ წინააღმდეგობა ადამიანებში არსებობდა. წინააღმდეგობის გაწევა ყოველთვის შესაძლებელია თუ ქართველი ხარ. 


- ბევრი ადამიანი დღეს ხედავს პრობლემებს, უსამართლობას, საფრთხეებს თუმცა ვერ ახერხებს ხმა აიმაღლოს. წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავს. ამისთვის მათ მიზეზებიც აქვთ. ერთერთი მიზეზი შიშია. რას ეტყოდით ამ ადამიანებს? 


- შიში ბუნებრივია. მეც მეშინია, თუნდაც სიცოცხლის დაკარგვის. მაგრამ ამ შიშზე ძლიერი იმის შიშია რომ ხვალ ჩემს ქვეყანას დავკარგავ. მეშინია, რომ ჩემი წინაპრების თავგანწირვით საუკუნეების განმავლობაში მოტანილ ქვეყანას ჩემს შვილებს ვეღარ დავუტოვებ. 


- რა საფრთხეების წანაშე ვდგავართ? თუ გავჩუმდებით, დავნებდებით, რა გვემუქრება? 


ჩვენ ახლა ჩვენს შიშზე ვსაუბრობთ. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ “ქართულ ოცნებას” ჩვენზე მეტად ეშინია. “ოცნების” წარმომადგენლებს ჩვენი ეშინიათ რადგან იციან, ტყუიან. ისინი ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ. თავის შვილებს ევროპაში ასწავლიან და ჩვენი შვილებისთვის ევროპის ყველა კარს კეტავენ. კანონები ისე შეცვალეს, ხვალ ქვეყნიდან ვერ გავალთ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს, მხოლოდ ნებართვით გვექნება გასვლის უფლება. გაჩნდებიან ადამიანები რომლებიც ამ ნებართვის მისაღებად ქრთამს მოგვთხოვენ და თუ უბრალო ადამიანი ხარ რომელსაც ქრთამის მიცემა არ შეგიძლია, ვერაფერს იზამ. 


უკვე მეცამეტე წელია, “ქართული ოცნება” სათავეშია. ცამეტი წლის განმავლობაში მილიონობით ევრო აქვს აღებული ამ პარტიის სხვადასხვა სამინისტროს. გზები რომ კეთდება, სკოლები რომ შენდება, სამედიცინო სფეროში რომ დაფინანსებებია, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა რომ გვაქვს, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა - ეს ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა. ეს ყველაფერი გაქრება, პროგრამები იხურება. მალე საკუთარ დედებს ვეღარ წავიყვანთ ძუძუს კიბოს გამოსაკვლევად. თუ საკუთარი დედა არ გაღელვებს, სხვა რა უნდა გაღელვებდეს. დედა-სამშობლო თუ არ გადარდებს, სხვა რა გადარდებს. იმისთვის ვიბრძვი, აქ იმისთვის ვდგავარ რომ ხვალ ჩვენს მშობლებს სოფლად თუ ქალაქად, ნორმალური სიბერე ჰქონდეთ. 


ხვალ ყველას მოგვიკაკუნებს მძიმე მომავალი კიბოთი, დაჭერებით, სიღარიბით, სიკვდილიანობით - ამაზე ვხუჭავთ თვალებს? იმაზე ვჩუმდებით რომ ჩვენი შვილები გუბეებში იხრჩობიან იმიტომ რომ მათ ნორმალურ გარემოს ვერ ვუქმნით? ყოველი მე-6 ბავშვი საქართველოში შიმშილობს. სკოლაში მშიერი მიდის ბავშვი. როგორ ისწავლოს მშიერმა ბავშვმა? ამას ვაპროტესტებთ. ქართველ პენსიონერს რომ 350 ლარი აქვს პენსია და მაგალითად, ბელგიელ პენსიონერს - 1172 ევრო - ამაზე ვლაპარაკობთ. 

“ქართველი გლეხი ყინვაშიც, თოვლშიც, სეტყვაშიც პოულობს საკუთარ თავში ენერგიას, გავიდეს ვენახში და გადაარჩინოს. დღეს ჩვენი, ყველას ვენახია გადასარჩენი.”

- ინტერვიუს დასაწყისში თქვენ თქვით რომ სასიკეთო ცვლილებებს ხედავთ. რა შედეგები მოიტანა პროტესტმა. რა გაიმედებთ? 


“ქართული ოცნების” რეჟიმი ფიქრობდა რომ დავიშლებოდით, ვერ გავძლებდით მაგრამ გავძელით. გვცემდნენ? ორჯერ მეტნი მოვედით. გვიჭერენ? მაინც მოვდივართ. ჩვენ ვერ მოვალთ? ჩვენი მშობლები მოვლენ. დაკავებული სტუდენტების დედები და მამები აქ დგანან. ეს მაიმედებს. ქართველი არასდროს ეგუება მონობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამაა: დღეს ყველას, ვინც მართლა მისცა ხმა “ქართულ ოცნებას”, რცხვენია ამის აღიარების. ქოცობა სირცხვილია დღეს. ამის აღიარებას ყველა ერიდება. ეს არის შედეგი. დღეს რცხვენიათ, ხვალ ისინიც გამოვლენ და იტყვიან რომ ეს რეჟიმი ცუდია. ქართველი გლეხი ყინვაშიც, თოვლშიც, სეტყვაშიც პოულობს საკუთარ თავში ენერგიას, გავიდეს ვენახში და გადაარჩინოს. დღეს ჩვენი, ყველას ვენახია გადასარჩენი. დარწმუნებული ვარ, ვინც ხმის ამოღებას ვერ ბედავს, ხვალ გაბედავს. უკვე იმდენად გათხელდა და დასუსტდა ფარი რომელსაც “ქართული ოცნება” იფარებს, მცირე ბიძგიღა სჭირდება.


ცხოვრების არევა რთულია. მეც ამერია ცხოვრება - თვეებია ქუჩაში ვდგავარ. ერთი სამსახურიდან აქ, მეორე “სამსახურში” მოვდივარ.  ეს რთულია. მტკივნეულია. მე ჩემთვისაც ვდგავარ, შენთვისაც ვდგავარ - ვინც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ. შენც დადექი საკუთარი თავისთვის. ვიყოთ რა, ჯიუტები და სიჯიუტით გავიტანოთ ჩვენი სიმართლე. გადავარჩინოთ ჩვენი ვენახი, ერთად გადავარჩინოთ. ყველაფერი გამოვა, მაგრამ შენ გარეშე ვერ გამოვა - ამ საქმეს ყველა ერთად ვჭირდებით. 

ირაკლი ფიფია, ანთროპოლოგი, ლექტორი
ირაკლი ფიფია, ანთროპოლოგი, ლექტორი

Commentaires


bottom of page