top of page

"მშობლების თაობის გვერდით დგომაა ახლა უმნიშვნელოვანესი" - ალექსანდრე ბაინდურაშვილი

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 15
  • 3 min read

Updated: Jun 28

"ძალიან მაბედნიერებს, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ისეთი ადგილი, სადაც იმის ნახვა შემიძლია, რაც წამიკითხავს და მომისმენია ქადაგებებში."

დავიბადე და გავიზარდე სოფელ მუხრანში. სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, ტურიზმის მიმართულებით. მესამე კურსზე მივხვდი, რომ სხვა მიმართულება მსურდა და სასულიერო სემინარიაში სწავლა დავიწყე. ძალიან მაინტერესებდა რელიგიასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი. სემინარიის დასრულების შემდეგ ვეწეოდი სულიერ ცხოვრებას. ახლაც ვცდილობ, რომ არ მოვშორდე მას. ბოლო 15 წელია რაც დავდივარ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ვმეგობრობ მეუფე ისაია ჭანტურიასთან. ჩემთვის ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია ვიპოვო ქრისტე და შევხვდე ქრისტიან ადამიანებს. ძალიან მაბედნიერებს, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ისეთი ადგილი, სადაც იმის ნახვა შემიძლია, რაც წამიკითხავს და მომისმენია ქადაგებებში (ნიქოზი). ამბები რაც ერთ დროს დაუჯერებლად ჟღერდა, იქ რეალობაში ვნახე. 


ვმსახურობ ეპარქიაში, სტიქაროსანი ვარ, ჩემს სულიერ ცხოვრებაში მთავარი გარდატეხა და მოვლენა იყო, როცა მოვხვდი იმ ნაომარ მონასტერში და ეპარქიაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აღიგავა პირისაგან მიწისა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ. რაც ემოსათ სასულიერო პირებს ისღა შემორჩათ ომის დროს, რამდენიმე წუთში მთელი ეპარქია ცეცხლში გაეხვა და აბსოლუტურად განადგურდა, მხოლოდ ეკლესია გადარჩა. შემდეგ ჩემ თვალწინ აღდგა ყველაფერი. იქ ყოფნა შეიძლება კიდევაც იმიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ეზოდან პირდაპირ ცხინვალი ჩანს და უფრო კარგად ვხვდები რა რეალობაში ვართ, რა ახლოსაა მტერი. ნახევარ კილომეტრშია ცხინვალი იქიდან. 


ბოლო 7 წელია, რაც საზღვარგარეთ ვცხოვრობ. რამდენიმე ქვეყანაში მომიწია მუშაობა. ძირითადად ვმუშაობ ქართულ სამზარეულოზე, მის განვითარებაზე. ვცდილობ ჩემი ქვეყნის გასტრონომიული კულტურა თამამად და ღირსეულად წარმოვაჩინო საზღვრებს გარეთ. ამჟამად ვმუშაობ ლატვიაში, სამი რესტორანი გვაქვს და მეოთხეც მალე დაგვემატება, მათი აღმასრულებელი შეფ-მზარეული ვარ. 


პირველი ჩემი სამუშაო უცხოეთში, უკრაინაში იყო. 2018 წელს დავიწყე მუშაობა დედაქალაქ კიევში, 4 წელი ვიმუშავე. ომის გამო იქიდან წამოსვლა მომიხდა. უკრაინაში განსაკუთრებულად სცემენ პატივს ქართულ კულტურას, ჩვენს ისტორიას და ხალხს. უამრავი ქართული რესტორანი იყო იქ, კაფეები. ძალიან კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა უკრაინაში ქართული გასტრონომია.  

"ძალიან სამწუხაროა დღეს რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს პროცესი მთლიანად გარე ძალის მიერაა მართული და ეს გარე ძალა, რა თქმა უნდა, რუსეთია."

მერე ვიყავი გერმანიაში, შემდეგ ყაზახეთში, მქონდა სხვადასხვა პატარ-პატარა პროექტები.  სადაც ვყოფილვარ ყველგან უყვართ საქართველო, იციან, რომ ვართ უძველესი კულტურის მქონე ხალხი, გვაქვს ჩვენი ტრადიციები.  მახსოვს, ყაზახეთში უზბეკეთიდან მივიღე თანამშრომელი და გასაუბრებაზე მითხრა, ქართველები შემოქმედი ხალხი ხართო. მანამდე ამაზე არ მიფიქრია.

მივხვდი, რომ რესურსი რაც საქართველოს აქვს კულტურულ-შემოქმედებითი კუთხით, ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს. ერთმა ტაჯიკმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ჩემ ოჯახში ქართველებს სულ გცემდით პატივსო, მაგრამ უკრაინის ომის დროს, რუსები რომ ჩამოდიოდნენ თქვენ ქვეყანაში ათასობით და თქვენ ამას აპროტესტებდითო, მაშინ კიდევ უფრო დაგაფასეთო. მუდამ მზად ხართ, რომ იბრძოლოთ, თუნდაც ამხელა მტრის წინააღმდეგო. გენეტიკაში გაქვთო და სამწუხაროდ, ჩვენში ეს ჯერ არ არისო. სსრკ-ში თქვენ იყავით პირველები ვინც დამოუკიდებლობა მოიპოვეთ, ხმა ამოიღეთ და პირველი აგური თქვენ დადეთ მის დაშლაშიო. ძალიან დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობდი ქართველების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიაა (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) და დღემდე რუსეთის უდიდესი გავლენის ქვეშაა მოქცეული, იქ მცხოვრებ ყველა შეგნებულ ადამიანს ზიზღი აქვს რუსებისა და რუსეთის მიმართ, ვერ ვნახე ადამიანი, ვისაც რაიმე სიმპატია მაინც აქვს მათ მიმართ. 


ძალიან სამწუხაროა დღეს რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს პროცესი მთლიანად გარე ძალის მიერაა მართული და ეს გარე ძალა, რა თქმა უნდა, რუსეთია. ელემენტარული ისტორიის ცოდნა სჭირდება ადამიანს, რომ ამ პროცესში სინამდვილე აღიქვას. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია, ყოველთვის აქვს ამ ქვეყანას მიზეზი გეომოს, დაგამციროს, გავლენის ქვეშ მოგაქციოს. აბსოლუტურად ყველაფერში რუსულ ხელწერას ვხედავ. მაგრამ მე მაიმედებს ის, რომ ძალიან ბევრ მტერს გავუძელით, რთული მომენტები გადავიტანეთ და მჯერა, რომ დღესაც აუცილებლად შევძლებთ და სამშვიდობოს გავალთ. დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ორი არჩევანი გვაქვს ან უნდა ვიყოთ ევროპასთან ერთად და გადავრჩეთ ან უბრალოდ ჩავბარდეთ რუსეთს, გავხდეთ გუბერნია და დავკარგოთ ის რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს და შეგვინარჩუნეს. 


ამ პროცესებმა გამოაჩინა ის, რომ ახალგაზრდა თაობას, მშობლების თაობაზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს ეს ქვეყანა და თითქოს თავისუფლებაში დაბადებულმა თაობამ უფრო გაიაზრა თავისუფლების ფასი. ისინი დგანან წინა ხაზზე, უფროს თაობასთან ერთად. მშობლების თაობის გვერდით დგომაა ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ ერთობით წინ წავიდეთ.

ალექსანდრე ბაინდურაშვილი, შეფ მზარეული, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი
ალექსანდრე ბაინდურაშვილი, შეფ მზარეული, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი

გაგვიზიარე შენი შეხედულებები: თუ ხარ მცხეთის მუნიციპალიტეტიდან და ამჟამად იმყოფები ემიგრაციაში, საქმიანობ უცხოეთში და დაინტერესებული ხარ შენი ხედვების გაზიარებით მშობლიური კუთხის განვითარებასა თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით — მოგვწერე ელ. ფოსტაზე sazogadoebamtskheta@gmail.com 


Comments


bottom of page