top of page

ფერი, ფანტაზია და ისტორია – როგორ იქმნება „იკორთას“ ტიხრული მინანქარი წეროვნის დევნილების დასახლებაში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 12
  • 2 min read

“ტიხრული მინანაქრის დამზადებას სჭირდება ფანტაზია, ფერების შეხამების გემოვნება და სიმშვიდე, რათა შექმნილი პროდუქტი იყოს ლამაზი და ხარისხიანი. შექმნა იწყება იდეიდან. შემდეგ ჩანაფიქრი ქაღალდზე გადაგაქვს. ქმნი ფორმას, ტიხრებს ფერავ, გამოწვავ, ისევ ფერავ…. საბოლოო ეტაპი გაპრიალებაა. ასე იქმნება ტიხრული მინანქარი.”

წეროვნის დევნილების დასახლებაში მოხვედრისას, არ შეიძლება იქიდან ისე წამოხვიდე, რომ სოციალურ საწარმო “იკორთას” არ ესტუმრო და არ მოიხიბლო იმ შესანიშნავი ხელნაკეთი ნივთებით, რასაც იქ ამზადებენ.


“იკორთა” ტიხრული მინანქრის საწარმოა. იგი წეროვნის დევნილთა დასახლებაში 2012 წელს შეიქმნა. საწარმოს დამფუძნებელია ა(ა)იპ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი, რომელიც ასევე წეროვნის დევნილთა დასხლებაში მდებრეობს და არაერთ საინტერესო, მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტს ახორციელებს ადგილობრივებისთვის. ამ ორგანიზაციაზე და მათ საქმიანობაზე მოგვიანებით გიამბობთ. ახლა კი გვინდა თქვენი ყურადღება “იკორთაზე” შევაჩეროთ.


“იკორთას” მისიაა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.


ამ ეტაპზე, “იკორთაში” 9 იძულებით გადაადგილებული ქალია დასაქმებული. მათი ასაკი 20 დან 55 წლამდეა. საწარმო ხშირად სთავაზობს დაინტერესებულ პირებს პროფესიული გადამზადების კურსებს. “იკორთა” არის სოციალური საწარმო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთების გაყიდვიდან მიღებული მოგება არ ნაწილდება დამფუძნებელ პირებზე და მისი რეინვესტირება კვლავ საწარმოში ხდება, მისი შემდგომი განვითარების მიზნით. 

როგორც საწარმოს ხელმძღვანელი ნანა ჩქარეული გვიყვება, საწარმოს შექმნა და პირველი ნაბიჯების გადადგმა არ იყო მარტივი.


“ყველაზე მეტი სირთულე დასაწყისში შეგვხვდა. მმართველი გუნდი არ ვიყავით გამოცდილი ბიზნესის მართვის მიმართულებით. ბევრი რამის სწავლა მოგვიწია, ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ. შეცდომებზეც ვისწავლეთ და მოვედით აქამდე.

განსაკუთრებით რთული იყო covid პანდემიის პერიოდი, რადგან ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან, covid-ის დროს ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში ფაქტიურად შეჩერდა, რამაც ჩვენი გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა. მაშინ მივხვდით, რომ ისეთი პროდუქცია უნდა შეგვექმნა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებლებზე იქნებოდა გათვლილი. ასე დაიბადა ვერცხლის კოლექცია, რომელიც ახალგორის განძის ინსპირაციით შეიქმნა.” - გვიყვება ნანა.


გარდა ხელნაკეთი ნივთებისა, საწარმოს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მინანქრის მასტერკლასებს. ამ პროგრამაზე სახელოსნოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. 


“იკორთას” მასტერკლასი შესაძლებლობას გვაძლევს ქართული კულტურა და ხელოვნება გავუზიაროთ საქართველოთი დაინტერესებულ ადმიანებს. პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი არის წეროვანში დახვედრა და დასახლების დათვალიერება. ვუყვებით ჩვენ ისტორიას, რა მოხდა და როგორ დავსახლდით წეროვანში, რა გამოწვევები გვქონდა და როგორ ვუყურებთ მომავალს. მეორე ეტაპი, საწარმოში მუშაობაა. ტურისტები თვითონ მუშაობენ ტიხრულ მინანქარზე. მესამე ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობას ოჯახებში ვსტუმრობთ. ზოგადად, ასეთი ტიპის პროგრამა ძალიან გვეხმარება, მინიმალური დანახარჯებით გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენ შესახებ და ასევე გავაცნოთ ფართო საზუგადოებას დევნილების პრობლემები.” - აღნიშნა ნანამ.


“იკორთას” ნამუშევრები იყიდება წეროვანში, მათივე სახელოსნოში მოწყობილ შოურუმში. ისინი ასევე თანამშრომლობეn სუვენირების სამ მაღაზიასთან, თბილისში. გარდა ამისა, მათი პროდუქციის შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი, მათივე სოციალური ქსელების პლატფორმებზე. 


მომავალში, საწარმო გეგმავს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. 


“ვთვლით, რომ საერთაშორისო ბაზრისთვის საინტერესო პროდუქციას ვქმნით. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი რაც გადავდგით არის ის, რომ ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილი გვაქვს etsy.com-ზე, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ჩვენი მომავლის ამოცანაა.”


“იკორთას” პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ მათი სოციალური ქსელების მეშვეობით: https://www.facebook.com/samkaulikorta


ree
ree
ree
ree
ree
ree
ree
ree
ree
ree

Comments