top of page

“ჩემი პარალელური კლასელი იყო, არ ველოდი მისგან ამ გადაწყვეტილებას” - გვანცა კაკაურიძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის შესახებ

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 18
  • 1 min read

Updated: Jun 28

“გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ასეთ განაჩენს არ გამოუტანდა მათე დევიძეს”

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. დარბაზიდან გაყვანის დროს კი დაიძახა: „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში”.


ნინო გალუსტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანიდან არის. მისი თანასოფლელი გვანცა კაკაურიძე აცხადებს, რომ სკოლაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. სკოლის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია:


“ნინო სკოლაში ჩემთან ერთად სწავლობდა, პარალელურ კლასში იყო. მუსიკის გაკვეთილებსაც ხშირად ერთად ვესწრებოდით. იმ პერიოდში ის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე და კარგი ურთიერთობაც მქონდა. ალბათ ამიტომაც, გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ასეთ განაჩენს არ გამოუტანდა მათე დევიძეს. ძალიან დამწყდა გული.” - წუხს გვანცა კაკაურიძე. 


მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. 2 დღის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს – პროკურატურამ ის პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულა. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, მან 3 პოლიციელს ჯოხი დაარტყა. პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.


12 ივნისს, განაჩენის გამოცხადებამდე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს. ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ინფორმაციით, ერთერთმა მათგანმა, ნატო მამულაშვილმა აღნიშნა რომ ჯოხი, რომლის გამოყენებითაც მათეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მას საერთოდ არ ჰქონია:


„რაც შეეხება ჯოხს, რაზეც მთელი გამოძიებაა აწყობილი, ჯოხი მათე დევიძეს საერთოდ არ ჰქონია, მას ჰქონდა გადახვეული ტრანსპარანტი რაღაც წარწერით. საპირისპიროს ვერავინ ადასტურებს, რადგან ჯოხი ან ჯოხის ნამტვრევები რეალურად არ არსებობს” – აღნიშნა ადვოკატმა. მისივე თქმით, ჩნდება ეჭვები: „ე.წ. დაზარალებულებმა საერთოდ მიიღეს დაზიანებები ამ აქციის დროს მათე დევიძისგან?” 


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლისთვის დაცვის მხარის არანაირი არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა. მან პროკურატურის მოსაზრებები გაიზიარა. 


მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 33 წლისაა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით 2023 წელს ჩააბარა. 2024 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ნინო გალუსტაშვილი ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეს განიხილავს.


Comentarios


bottom of page