top of page

“ცხოველები ქუჩაში ჩვენი გულგრილობის შედეგია” - თორნიკე ჟუჟნიაშვილი

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 15
  • 1 min read

Updated: Jun 26

მიუსაფარი ცხოველები მთელ საქართველოში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მხრივ მცხეთის მუნიციპალიტეტიც, მათ შორის სოფელი წეროვანი, გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ეს პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება და დროული ჩარევის გარეშე მისი მართვა სულ უფრო გართულდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულშემატკივარი და ცხოველთმოყვარე ადამიანი არსებობს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქუჩის ცხოველებზე, მათი სიკეთე სისტემური მიდგომის გარეშე საკმარისი არ არის. 


რეალური და გრძელვადიანი გამოსავალი მხოლოდ სტერილიზაციასა და ცხოველების აღრიცხვაზე აყვანაში უნდა ვეძებოთ. ასეთი მეთოდი არა მარტო ცხოველთა პოპულაციის შემცირებას უწყობს ხელს, არამედ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის განცდასაც აღვივებს. 


ცხოველები ქუჩაში ჩვენი გულგრილობის შედეგია. ხშირად მათ თავად ადამიანები ტოვებენ, როცა მათი შენახვა „უხერხული“ ხდება. ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცხოველების სტერილიზაცია. 


მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი მზრუნველობით ეკიდება მიუსაფარ ცხოველებს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვინც მათ საფრთხედ ან დისკომფორტად აღიქვამს. თუმცა, საერთო მიზანი ყველას უნდა გვაერთიანებდეს: შევამციროთ ქუჩაში მყოფი ცხოველების რაოდენობა და ვიპოვოთ მათთვის მზრუნველი ოჯახები. წლების განმავლობაში წეროვანში ჩვენ, მოხალისეებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩავატარეთ. ვესაუბრეთ ადგილობრივებს სტერილიზაციისა და კასტრაციის მნიშვნელობაზე, ვუხსნიდით, როგორ ეხმარება ეს არა მარტო ცხოველებს, არამედ მათივე სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას. გარდა ამისა, მოვამზადეთ ოფიციალური განცხადება, ხელმოწერები შევაგროვეთ და მცხეთის მუნიციპალიტეტსაც გადავუგზავნეთ — თხოვნით, რომ მიეღოთ კონკრეტული ზომები ყველა მიუსაფარი ცხოველის სტერილიზაციისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს მიმართვას ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა, ჩვენი ძალისხმევა არ წყდება. 


წეროვანში მცხოვრები ცხოველთმოყვარეების ენერგია, ნებისყოფა და მიზანი უცვლელია — შევქმნათ გარემო, სადაც არც ერთი ცხოველი არ იქნება მიუსაფარი და არც ერთი ადამიანი არ იგრძნობს საფრთხეს მათგან. ამისთვის კი აუცილებელია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, ისე თითოეული მოქალაქის გულგახსნილობა.

ავტორი: თორნიკე ჟუჟნიაშვილი, სტუდენტი, სოფელი წეროვანი

Comments


bottom of page